პარლამენტმა არ გაიზიარა “დემოკრატების” ინიციატივა ენერგოკრიზისში დამნაშავეთა დასჯის თაობაზე

(თბილისი, 29 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის სხდომაზე კანჭისყრის შედეგად ვერ გავიდა “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივით წარდგენილი დადგენილების პროექტი, რომელიც ენერგოსექტორში შექმნილი ვითარების გარკვევას გენერალურ პროკურატურას ავალებდა და საქართველოს პრეზიდენტისგან დამნაშავე პირების თანამდებობიდან განთავისუფლებას და პასუხგებაში მიცემას ითვალისწინებდა.

“ეს მართლაც სამარცხვინოა, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი კოლეგების დიდი ნაწილი საქართველოში არ ცხოვრობს და არ იცის რა ხდება ენერგომომარაგების მხრივ. ეს პროექტი არაფერს განსაკუთრებულს არ ითვალისწინებდა, უბრალოდ დამნაშავე უნდა გარკვეულიყო და დასჯილიყო. სადამდე უნდა ვიყოთ გაჩუმებული, არ ვიცი, ასე გაჩუმებული რომ ვიყავით ამიტომაც მივედით აქამდე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

ფრაქცია “დემოკრატების” თავმჯდომარემ გიორგი ბარამიძემ საკითხის ჩაგდებაში სახალისუფლებო ფრაქციები დაადანაშაულა.

დეპუტატების მოთხოვნით სხდომაზე ყველა იმ დეპუტატის გვარი დაასახელეს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ამ პროექტს.

ენერგეტიკული საკითხების შემსწავლელი კომიტეტის თავმჯდომარის რევაზ არველაძის განცხადებით, იგი ამ საკითხზე მომავალშიც გააგრძელებს მუშაობას და პარლამენტს უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

კენჭისყრის დროს პროექტს 67 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 22 კი წინიააღმდეგი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version