შევარდნაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობას არ აპირებს

(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2005 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მესამედ მონაწილეობას არ აპირებს. ამის შესახებ მან დღეს, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.

“მე ყველას გასაგონად ვამბობ, რომ ჩემი ახალ საარჩევნო ბლოკში გაერთიანება არ ნიშნავს იმას, რომ შევეცდები კონსტიტუციაში ერთ-ერთი პუნქტის შეცვლას და მესამედ წარვადგენ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს გამორიცხულია და ყველას მოუწოდებ ამ თემის პროვოცირებას ნუ მოახდენენ”, – განაცხადა შევარდნაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ახლადშექმნილ საარჩევნო ბლოკს “ახალი საქართევლოსთვის” ჩაუდგა სათავეში და იმედოვნებს, რომ ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწევს. იგი ასევე იმედოვნებს, რომ ამ წელს არჩევნები სამაგალითოდ, ობიექტურად და დემოკრატიულად  ჩატარდება.

Exit mobile version