შევარდნაძე ახალ საარჩევნო ბლოკს ჩაუდგა სათავეში

არჩევნებამდე 8 თვით ადრე ხელისუფლება საარჩევნო ბლოკს ქმნის, რომელიც შეეცდება, როგორც პრეზიდენტი აცხადებს, “შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიოს საპარლამენტო არჩევნებში.”

ბლოკის შექმნის შესახებ ოფიციალური განცხადება ედუარდ შევარდნაძემ 7 აპრილს გააკეთა. მასში პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტიები “მოქალაქეთა კავშირი” და “სოციალისტები”, ასევე ახლახანს შექმნილი სახალხო მოძრაობა “დიდი აბრეშუმის გზა” გაერთიანდნენ. ამ უკანასკნელს რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე ხელმძღვანელობს. ბლოკში გაერთიანების სურვილი უკვე გამოთქვა მოძრაობა “ლემმა” და “ავღანელთა კავშირმა,” რომელშიც ავღანეთის ომის ვეტერანები არიან გაერთიანებულნი. 

საარჩევნო ბლოკს თავად პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. საარჩევნო შტაბის მეთაურად კი სახელმწიფო მინისტრი, “მოქალაქეთა კავშირის” თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე დაინიშნა.

ბლოკის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 5 აპრილს გახდა ცნობილი, როდესაც სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ შევარდნაძესთან სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, აკაკი ჩხაიძე, სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, ასევე ქვემო ქართლის გუბერნატორი ლევან მამალაძე და “მოქალაქეთა კავშირის” სხვა წამყვანი აქტივისტები შეიკრიბნენ.

“ეს არის ფართო პოლიტიკური გაერთიანება, საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაწევრიანებული არიან ცნობილი პიროვნებები, ამის გამო გადავწყვიტე ჩავდგომოდი სათავეში ამ ბლოკს და კონსტიტუციის ფარგლებში ვიბრძოლებთ, რომ ბლოკმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიოს პარლამენტში”, – აცხადებს შევარდნაძე.

შევარდნაძის განცხადებით, ბლოკის საარჩევნო კამპანიას საფუძვლად დაედება პრეზიდენტის მიერ გასულ წელს პარლამენტის წინაშე წარდგენილი “ახალი პროექტი ახალი საქართველოსთვის”, რომელიც ითვალისწინებს, “ლიბერალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას, სოციალური საკითხების განვითარებას, ხელფასების მინიმუმის ეტაპობრივ ზრდას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალმა პარლამენტმა ამის გაკეთება რეალურად უნდა შეძლოს.

ახალი საარჩევნო ბლოკის საბოლოო ჩამოყალიბებისათვის კი, პრეზიდენტის პროგნოზით,Y1-2 თვე დასჭირდება. მისი თქმით, ამჟამად სახელმწიფო მინისტრი კონსულტაციებს აწარმოებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. თუმცა იგი მხოლოდ პარტია “მრეწველებს” ასახელებს და აცხადებს, რომ საარჩევნო ბლოკი სოციალისტურ პარტიასთან, “მრეწველებთან” და ახლად შექმნილ სახალხო მოძრაობა “დიდი აბრეშუმის გზასთან” ერთად იბრძოლებს არჩევნებში გამარჯვებისათვის.

თუმცა, თავად “მრეწველები” უარყოფენ, რომ სახელისუფლებო პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს. პარტიის თანათავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ “სივილ ჯორჯიას” 7 აპრილს განუცხადა, რომ “პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ყველასგან დამოუკიდებლად აპირებს.”

დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ მოახლოებული არჩევნების წინ პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების გააქტიურების მიუხედავად, წარმატების მისაღწევად ხელისუფლებას საკუთარი ადმინისტრაციული ბერკეტების ამოქმედება მოუწევს, რადგან მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

“პრეზიდენტის ერთ-ერთ მთავარ იარაღს მძლავრი ბიუროკრატიული სისტემა წარმოადგენს,” –  აცხადებს დემოკრატიის, მშვიდობისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

დამკვირვებლები ამ მოსაზრებას შარშან ივნისში გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გამოთქვამენ.

თბილისში მოქალაქეთა კავშირმა და სოციალისტებმა, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ ერთმანეთის კონკურენტებს წარმოადგენდნენ, საერთო ჯამში, ხმათა მხოლოდ 5% მოაგროვეს. რაც შეეხება ახლად შექმნილ “დიდი აბრეშუმის გზას”, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მოძრაობის როლი საარჩევნო ბლოკში უფრო ფინანსური იქნება, რადგან მას ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სახელმწიფო კომპანიის “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე ხელმძღვანელობს.

დამკვირვებლები აცხადებენ, რომ შარშანდელი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა დადებითისკენ არ შეცვლილა, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეცვლილიყო მოსახლეობის დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version