(თბილისი, 14 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიასთან არსებულმა ქვეკომისიამ, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე მუშაობს, 13 აპრილს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ წარმოდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესები განიხილა.
ამ პროქეტის მიხედვით, ახალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 9 წევრი უნდა შევიდეს. აქედან 7 წევრს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პრეზიდენტი, ხოლო თითო-თითო კანდიდატურას აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიები წარადგენენ.
ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციები სახელისუფლებო ფრაქციებს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისთვის განგებ დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებენ.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას არსებული საარჩევნო კოდექსისა და ცსკო-ს შენარჩუნება სურს.
გასულ კვირას პარლამენტმა ვერ შეძლო ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების განხილვის დაწყება იმის გამო, რომ ქვორუმი არ შეიკრიბა. ოპოზიციამ ხელისუფლება საკანონმდებლო პარლამენტის საქმიანობის ბლოკირებაში დაადანაშაულა.