“აირზენა” თურქული მხარის პირობებს არ თანხმდება

(თბილისი, 14 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – კომპანია “აირზენა – საქართველოს ავიახაზები” კომპანია “თურქიშ ეარლაინზის” მიერ შემოთვავზებული თანამშრომლობის პირობების წინააღმდეგია.

“ჩვენ არ გვაწყობს ის პირობები რასაც თურქეთის მხარე გვთავაზობს, რადგან ამით უფრო გართულდება რეისების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით. მათ სურთ იგივე სიხშირით განახორციელონ რეისები – კვირაში სამჯერ, ჩვენ კი ამის უფლებას კვირაში ერთხელ გვიტოვებენ”, – განაცხადა 14 აპრილს “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას “აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეა გაბედაძემ.

კომპანიის კომერციული დირექტორის რობერტ ოგანესიანის განცხადებით, თურქეთის ავიაკომპანიასთან “აირზენა” იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ გაფორმდება სპეციალური ხელშეკრულება, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდება თანამშრომლობა.

საქართველოში თურქული კომპანიის რეისების გაგრძელების თაობაზე ორდღიანი მოლაპარაკების მიუხედავად შეთანხმება ვერ მოხერხდა და “თურქეთის ავიახაზების” დელეგაციამ საქართველო დატოვა.

რაც შეეხება ბრიტანეთის ავიახაზებს, თეა გაბედაძის ინფორმაციით, მათთან საერთოდ არ არსებობს ხელშეკრულება.

კომპანიის წარმომადგენლები ასევე არ აკომკრეტებენ, შეძლებენ თუ არა იგივე რეისების განხორციელებას, თუ ბრიტანეთის და თურქეთის ავიახაზებთან ვერ მოხდება შეთანხმების მიღწევა. მათი განცხადებით, ეს უკვე მთავრობის გადასაწყვეტია.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიხედვით, თურქულ ავიაკომპანიას რეისების განხორციელების ვადა 15 აპრილს ეწურება.

Exit mobile version