“კმარა”

სტუდენტები ახალი სახელისუფლებო ბლოკის წინააღმდეგ

“კმარა! ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტროს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებების მიღება” აცხადებდნენ 14 აპრილის საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები.

სტუდენტები პროტესტს გამოხატავდნენ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძე მეთაურობით შექმნილი ახალი საარჩევნო ალიანსის წინააღმდეგ. აქციის მონაწილენი ასევე მოითხოვდნენ ხელისუფლების მხრიდან მეტ პასუხისმგელობას.

დაახლოებით 200 სტუდენტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობა მოაწყო სახელმწიფო კანცელარიისაკენ. აქციის მონაწილეებს პლაკატებზე ეწერათ “კმარა” და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წითელ დროშებსს აფრიალებდნენ, რომლებზეც დღევანდელი ხელისუფლების ლიდერების, მათ შორის პრეზიდენტის სურათები იყო გამოსახული.

მსვლელობა საქართველოსათვის სიმბოლურ დღეს მოეწყო. 1978 წლის 14 აპრილს, სტუდენტებმა გადაჭრით უარყვეს სახელმწიფო ენის (ქართულის) გაუქმების მოთხოვნა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენენ. სტუდენტები უბრალოდ საკუთარ იდეებს გამოხატავდნენ. “ჟურნალისტები გვეკითხებიან ვის წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენი პასუხია არავის, ეს მხოლოდ ჩვენი პოზიციაა” – აცხადებს გოგა ონიანი, სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

ამ განცხადების მიუხედავად, სტუდენტთა ერთმა ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა აქციის საორგანიზაციო ჯგუფს. “ძალზედ სამწუხაროა, რომ ზოგიერთი სახელისუფლებო პარტია და ოპოზიცია სტუდენტებს საკუთარი მიზნებისათვის იყენებენ, სტუდენტებმა მხოლოდ საკუთარი სახელით უნდა ისაუბრონ. მოდით საპროტესტო აქციის მოწყობისას ყველამ საკუთარი სახელი [პოლიტიკური ძალა] დაუფარავად დაასახელოს” – აცხადებს ირაკლი მურცხვალაძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის წევრი. 

სახელმწიფო კანცელარიასთან სტუდენტებს პოლიცის კორდონი დახვდა, თუმცა მათ გადალახეს დაცვის წევრების წინააღმდეგობა, და წითელი კომუნისტური დროშები “პრეზიდენტის შენობის” წინ დაწვეს. ზოგიერთებმა ეს დროშები კანცელარიის ეზოში გადაყარა სიტყვებით “ეს თქვენ უფრო გჭირდებათ”.

ოფიციალური პირებიდან, მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი შეხვდა სტუდენტებს კანცელარიასთან. “აშკარაა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები მართავენ ამ სტუდენტებს, თუმცა მე არ შემიძლია ხმამაღლა ვთქვა ამ ძალების ვინაობა” – განაცხადა ნარჩემაშვილმა. მან მომიტინგეებს კაბინეტში გადანაცვლება და პროტესტის “ცივილური ფორმით” გამოხატვა შესთავაზა. 

სტუდენტებმა კანცელარიის წინ, მელნით დასველებული თითების ანაბეჭდები დატოვეს, რითაც მიუთითეს, რომ ხელისუფლების არ ეშინიათ. “ჩვენ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს, არ გავჩერდებით. იმას მაინც მივაღწევთ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩავატაროთ საქართველოში” – იყო მომიტინგეების საერთო აზრი.

ჯული გიორგაძე

Exit mobile version