(თბილისი, 21 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ახლადშექმნილი სახელისუფლებო წინასაარჩევნო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის” გამარჯვების მოსაპოვებლად ყველა მეთოდს გამოიყენებს. ბურჯანაძე მოუწოდებს ბლოკში შემავალ ძალებს ბოროტად არ გამოიყენონ არსებული რესურსები.
“მე მაშფოთებს ის, რომ ხელისუფლება კოლექტივიზაციის პრინციპით მოქმედებს და ცდილობს ყველა ძალა გააერთიანოს, ასევე კონკრეტული დავალებები აქვთ მიცემული გუბერნატორებსა და გამგებლებს, რათა მოხდეს ხმების გარკვეული რაოდენობის შეგროვება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
მისი განცხადებით, ასევე მიუღებელია პრეზიდენტის წინადადება ცსკო-ს დაკომპლექტების თაობაზე, რომლის მიხედვით 11 კაცისგან შემდგარ კომისიის 9 წევრს პრეზიდენტი თავად წარადგენს. ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ამ საკითხის თაობაზე მიღწეული იქნება კონსესუსი და არჩევნები დემოკრატიული გზით ჩატარდება.
იგი ასევე მშვიდად უყურებს მისი გადაყენების საკითხს, რისი ინიციატივითაც ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი გამოდის. “ვიცი, რომ ბევრს ვუშლი ხელს საკუთარი პრინციპების გატარებაში, რისთვისაც სურთ ჩემი ჩამოცილება, მაგრემ მე კვლავ გავაგრძელებ ბრძოლას ანტიდემოკრატიული გამოვლინებების აღსაკვეთად. ასევე მჯერა, რომ პრეზიდენტი უფრო ჭკვიანი პოლიტოკოსია, ვიდრე რჩეულიშვილი და უფრო რეალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთანავე პრეზიდენტს მოვუწოდებ მკაცრად მოეკიდოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს”, – აცხადებს ბურჯანაძე და მაგალითისთვის შევარდნაძის მიერ საბჭოთა პერიოდში გადადგმულ ნაბიჯს ასახელებს, როცა დიქტატორული მექანიზმების გამო შევარდნაძე გადადგა სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. ბურჯანაძის თქმით, ასეთივე დიქტატორული მექანიზმები ახლაც შეინიშნება, რისი აღკვეთაც პრეზიდენტმა უნდა შეძლოს.