სტუდენტები თსუ-ს რექტორის არჩევას სასამართლოში ასაჩივრებენ

მაშინ როდესაც როინ მეტრეველს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის პოსტზე მესამე ვადით ირჩევდნენ, სტუდენტთა ერთი ნაწილი რექტორის წინააღმდეგ სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებდა.

აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს კომუნისტური პარტიის აქტივისტი, ხოლო ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოს მთავარი უნივერსიტეტის ერთადერთი და უალტერნატივო რექტორი იყო, 21 აპრილს უნივერსიტეტის მმართველმა ორგანომ ამ პოსტზე კიდევ 6 წლის ვადით აირჩია. ეს კი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თავად რექტორმა, პრეზიდენტ შევარდნაძის თანხმობით (2001 წლის პრეზიდენტის ბრძანებულება) უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებები შეიტანა და მესამე ვადით რექტორად არჩევის უფლება დაიმტკიცა.

სტუდენტთა ერთმა ნაწილმა ამ ფაქტში კანონდარღვევა დაინახა და გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა. ამას ისიც დაემატა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ჟურნალისტები და სტუდენტები უნივერსიტეტის დიდი საბჭოს სხდომაზე არ შეუშვა და რექტორის არჩევნების პროცესს არ დაასწრო. “ამ ყველაფერს ისიც დავუმატოთ, რომ მეტრეველი ერთადერთი კანდიდატურა იყო და გამოვიდა სუფთა საბჭოთა სტილის ღონისძიება რაც ჩვენ უკვე აღარ გვსურს,” ამბობს უნივერსიტეტის სტუდენტი ლევან ნოზაძე.

იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის თეა თუთბერიძის განცხადებით, უნივერსიტეტის წესდება არაკანონიერია და განათლების შესახებ კანონთან შეუსაბამოა.

“რექტორის არჩევნების არაკანონიერად ჩატარდა, ჯერ ერთი არსებული კანონმდებლობის მიხედვით საჯარო დაწესებულებაში სხდომები ღიად უნდა ჩატარდეს, თუმცა 21 აპრილს უნივერსიტეტში შესვლა, მხოლოდ რექტორატის მომხრე სტუდენტებს შეეძლო და აკრძალული იყო მასმედიისთვის და სხვა სტუდენტებისთვის” – აცხადებს თეა თუთბერიძემ.

სტუდენტების სარჩელით, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოში 22 აპრილს შევიდა, ითხოვენ განათლების სამინისტროს დაევალოს ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლის მიხედვით მოხდება საგანმანათლებლო დაწესებულების სტანდარტული დებულების შემუშავება. ასევე საქართველოს პრეზიდენტს დაევალოს ადმინისტრაციული აქტის მიღება, რომლითაც დამტკიცდება თსუ-ს ახალი წესდება. ამასთან, მოსარჩელე სტუდენტები მოითხოვენ პრეზიდენტის 2001 წლის ბრძანებულების გაუქმებას, რითაც უნივერსიტეტის რექტორის მესამე ვადით არჩევა გახდა შესაძლებელი.

სტუდენტთა ერთი ნაწილის მტკიცებით, ასევე უკანონოა დიდი საბჭოს ფუნქციონირება, ვინაიდან მას შეთავსებული აქვს სამეცნიერო და სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილება, რაც განათლების შესახებ კანონის დარღვევაა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყველა ამ ბრალდებას, რა თქმა უნდა უარყოფს. “ყველაფერი კანონიერია, სადაო თუ რამეა სასამართლო გაარკვევს” – აცხადებს უნივერსიტეტის პრორექტორი პარმენ მარგველაშვილი. ხოლო თავად როინ მეტრეველმა არჩევნების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვა თუ რა კომენტარს გაუკეთებდა სტუდენტთა ერთი ნაწილის პოზიციას, საერთოდ უპასუხოდ დატოვა.

რექტორის მომხრე სტუდენტები აცხადებენ, რომ არსებობს გარკვეული ძალა, რომელთაც სურთ პროვოკაციის გზით დაუპირისპირონ ერთმანეთს ახალგაზრდები.

“ის, რაც ხდება დღეისათვის უნივერსიტეტში გარკვეულ მიზნებს ემსახურება, ვიღაცას სურს ჩვენს შორის დაპირისპირება, მე არ ავყვები პროვოკაციას, მარამ შეიძლება სხვა აყვეს, რაც ჩვენთვის ცუდი შედეგით შეიძლება დასრულდეს” – აცხადებს დაჩი ცაგურიამ, რომელიც საკუთარ თავს რექტორის მომხრე სტუდენტად ასახელებს.

სტუდენტთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისადმი და კონკრეტულად რექტორისადმი მხოლოდ ამ ბოლო არჩევნების ჩატარების ფაქტით არ არის განპირობებული. სტუდენტთა ეს ნაწილი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სწავლის დონის დაცემასა და კორუფციაში ადანაშაულებენ.

სარჩელს სტუდენტებმა კონტროლის პალატის მიერ მოძიებული მასალები დაურთეს, სადაც მოყვანილია უნივერსიტეტში თანხების არამიზნობრივად ხარჯვის და კორუფციული გარიგებების ფაქტები.

“ღია საზოგადოება – საქართველოს ფონდის” კანონიერების კულტურის პროგრამის დირექტორის და უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორის გიგი თევზაძის განცხადებით, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში,  უნივერსიტეტშიც კორუფციული სისტემა მოქმედებს.

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი სისტემა ტოტალიტარული და კორუფციულია. მისაღები გამოცდებიდან დაწყებული სწავლის დასრულებამდე სტუდენტები, ისევე როგორც ლექტორები ამ სისტემის მსხვერპლნი არიან. ეს სისტემა მოქმედებს როგორც პროფესორ-მასწავლებლებზე, ისე სტუდენტობაზე და მკვეთრად არღვევს მათ უფლებებს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” გიგი თევზაძემ.

მისი თქმით ეს არის საბჭოთა ტიპის განათლება და მას არანაირი შედეგი არ მოაქვს, გამორიცხავს კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდას

სტუდენტთა ერთმა ნაწილმა უნივერსიტეტში შექმნილ ვითარების გამო პროტესტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოთქვეს, თუმცა როგორც პოლიტოლოგიის კათედრის სტუდენტი გიორგი კანდელაკი აცხადებს უშედეგოდ.

“ჩვენ უკვე რამდენიმე წელია პროტესტს გამოვთქვამთ არსებული ვითარების გამო, მაგრამ გამოხმაურება არ მოჰყოლია. ჩვენ ვართ უმცირესობაში იმის გამო, რომ სტუდენტთა უმრავლესობა იმ კორუმპირებული გზით არიან მოსული, რაც არსებობს უნივერსიტეტში, ამის გამო ისინი დიდი სურვილის მიუხედავად ვერ გვიჭერენ მხარს” – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

გიგი თევზაძის განცხადებით ამ სისტემის არსებობა განპირობებულია იმით, რომ უკვე რამდენიმე წელია უნივერსიტეტის უცვლელი რექტორი როინ მეტრეველია. “მისი არჩევა ხდება იმ დიდი საბჭოს მიერ, რომელსაც იგი თავად ნიშნავს და ამ პროცესში მონაწილეობის არანაირი უფლებებით არ სარგებლობს სტუდენტობა. ყოველივე ეს არასამართლიან გარემოს ქმნის სახელმწიფო უნივერსიტეტში” – აცხადებს თევზაძე.

მისი განცხადებით არსებული სისტემის შეცვლა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რადგან მეტრეველი საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით სარგებლობს. “ეს სისტემა და რექტორი წავა მაშინ, როცა წავა ხელისუფლება. აქედან გამომდინარე მანამდე როინ მეტრეველს ეს ადგილი გარანტირებული აქვს” – აცხადებს თევზაძე.

თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
თსუ-ს რექტორის არჩევნები სტუდენტთა ნაწილმა გააპროტესტა
უმაღლესი განათლება კრიზისში
კონტოროლის პალატამ თსუ-ში დარღვევები აღმოაჩინა

Exit mobile version