ჩეჩენი ლტოლვილები სოციალურ პირობებს უჩივიან
ხეობიდან მომდინარე შესაძლო საფრთხის შეფასების მიზნით 27 აპრილს პანკისს ეწვია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. დელეგაციის ცხრა წევრმა მოინახულა ხეობაში განლაგებული საქართველოს შინაგანი ჯარის რამოდენიმე საგუშაგო. ისინი ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ხეობაში მყოფ ჩეჩენ ლტოლვილებს.
“[ხეობაში] კონტროლირებადი სიტუაციაა და ჩვენ ამით უაღრესად კმაყოფილები ვართ” – განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვე-კომიტეტის თავმდჯომარებს მარკუს მეკელმა. “ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარისადმი წარმატებული ანტი-ტერორისტული ოპერაციის ჩატარებისათვის” – დასძინა მან.
თუმცა ქართველი ოფიციალური პირებიც და ნატოს წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ ხეობაში ჩეჩენი მებრძოლების შემოსვლის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. სამართალდამცველებს მიაჩნიათ, რომ შეიარაღებული დაჯგუფებები შეიძლება დაბრუნდნენ ხეობაში მთაში თოვლის გადნობის შემდეგ.
“ვფიქრობ, რომ ეს საშიშროება შესაძლოა წარმოიშვას მომავალში, თუმცა თქვენი ჯარისკაცები ძალიან კარგად მოქმედებენ [პანკისში] დესტაბილიზაციის აღსაკვეთად” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვე-კომიტეტის წევრმა დოქტორმა კარლ ლამერსმა.
კონტროლის გაძლიერების მიზნით უახლოეს დღეებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს მანევრების ჩატარებას პანკისის ხეობის მახლობლად.
საქართველოს შინაგანი ჯარების მეთაურის მოადგილემ ლექსო მიქავამ ნატოს დელეგაციეს წევრებს განუცხადა, რომ ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკება ხეობაში გასული წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც ანტი-კრიმინალური ოპერაციის ყველაზე აქტიური ფაზა ხორციელდებოდა. მეთაურის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ შინაგანი ჯარები ახორციელებენ ხეობის 24-საათიან პატრულირებას.
25 აპრილს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ მოსკოვში გამართული 40-მდე სახელმწიფოს უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ “რამოდენიმე არასასურველი პიროვნება, მათ შორის 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაში ეჭვმიტანილი აქიმეზ გოჩიაევი შესაძლოა ამჟამად პანკისი ხოებაში იმყოფებოდნენ”.
ვიდრე ქართველი სამართალდამცავები პანკისში ჩეჩენ მეომართა შესაძლო შემოსვლის მოლოდინში არიან, ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილები სოციალურ და უსაფრთხოების პირობებს უჩივიან და მესამე ქვეყანაში გადასვლას ითხოვენ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრისას ჩეჩენმა ლტოლვილებმა გამოთქვეს უკმაყოფილება მედიკამენტებისა და საკვების უკმარისობის და ქართველი სამართალდამცავების მიერ ე.წ. “წმენდითი” ოპერაციების ჩატარების გამო.
“ჯარისკაცები შემოცვივდებიან ხოლმე ღამღამობით სახლებში. ჩვენ არ შეგვიძლია ხეობაში თავისუფლად მოძრაობა მრავალი საგუშაგოს გამო” – უთხრა “სივილ ჯორჯიას” გროზნოდან ლტოლვილმა ადამმა. “გარდა ამისა ჩვენი შვილები საერთოდ ვერ ღებულობენ განათლებას. ამის გამო მოვითხოვთ გადაყვანას სხვა სახელმწიფოში” – დასძინა მან.
ქართველი სამართალდაცველები უარყოფენ ამ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ლტოლვილები სიტუაციას ამუქებენ. “მათ მხოლოდ უკეთეს ქვეყანაში უნდათ მოხვედრა და ამიტომ რას აღარ იგონებენ” – განუცხადა “შივილ ჯორჯიას” შინაგანი ჯარების მოსამსახურემ გიორგი დათუაშვილმა.
ლტოლვილებმა თავიანთი ყველა სატკივარი ნატოს საპარლამენტო ასამბელის დელეგაციეს წევრებს გაუზიარეს, თუმცა ნაკლებად სჯერად, რომ მათი ხმა გაგონილი იქნება. “ოფიციალური პირები ჩამოდიან ხოლმე ჩვენთან, გვისმენენ, მაგრამ საშველი ჯერ არ ჩანს” – ამბობს ჩეჩენი ლტოლვილი ადამი.
გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია