რუსეთთან გამარჯვებას თბილისში მთელი ღამე ზეიმობდნენ

თბილისის “დინამოს” მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 22 წლის შემდეგ, ფეხბურთში გამარჯვებამ ქართველი ხალხი სახალხო ზეიმის მოსაწყობად კვლავ ქუჩაში გამოიყვანა.

30 აპრილი-1 მაისის ღამეს საქართველოს დედაქალაქში ხალხი ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან რუსეთთან გამარჯვებას დღესასწაულობდა. ქუჩებში გამთენიამდე არ წყდებოდა ხალხის თავშეყრა ქალაქების მთავარ მოედნებზე. მთელი ღამე გაისმოდა მანქანების საყვირების ხმა, დროშების ფრიალი.

30 აპრილის საღამოს საქართველოს ნაკრებმა თავის მეზობელ რუსეთს ევრო-2004-ის შესარჩევ თამაშზე 1:0 მოუგო. ეს იყო ისტორიული გამარჯვება იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოსთან მკვეთრად არაკეთილგანწყობილი ურთიერთობები აქვს.

ნაკრები თამაშზე პირველად გაიყვანა ხორვატმა მწვრთვნელმა ივო შუშაკმა. მის სადებიუტო თამაშში ქართველმა ფეხბურთელებმა რუსეთის ნაკრებს ყველა კომპონენტში აჯობეს. ქართველებმა თავად რუსი სპეციალისტებიც კი მოხიბლეს.

“ჩვენ მოგების უფრო მეტი მოტივაცია აღმოგვაჩნდა, ვიდრე რუსებს” _ აღნიშნავს “სივილ ჯორჯიასთან” ნაკრების დებიუტანტი და რუსეთთან ერთადერთი გოლის გამტანი მალხაზ ასათიანი.

“საქართველოს ნაკრებმა მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. რუსეთის ნაკრებმა უგულოდ ითამაშა. ის თავის თავს არ ჰგავდა” _ განაცხადა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა.

საქართველო-რუსეთის ნაკრებები 30 აპრილს 2002 წლის 11 ოქტომბერს ვერ დასრულებული თამაშის გამო შეწხვდნენ ერთმანეთს. მაშინ “ლოკომოტივის” სტადიონზე თამაშის პირველი ნახევრის 38 წუთზე შუქი გამოირთო, სათადარიგო გენერატორმაც ვერ გაუძლო დატვირთვას და შეხვედრა ჩაიშალა. ევროპის საფეხბურთო კავშირმა უეფამ საქარრთველოს ფეხბურის ფედერაციას ჯარიმა კი ააცილა, მაგრამა  რუსეთის ხელახალი მასპინძლობის ხარჯების გაღება დააკისრა. მთლიანობაში ზარალმა 200 ათასი დოლარი შედგინა.

30 აპრილის შეხვედრაზე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა გულშემატკივართა დასწრებას საკითხი. 29 მარტს საქართველო-ირლანდიის თამაშზე ერთ-ერთმა მაყურებელმა სტადიონზე დანა ისროლა. 15 აპრილს უეფას სადისციპლონო კომისიამ სტადიონს დისკვალიფიკაცია მისცა და რუსეთთამ მაყურებლის დასწრება აკრძალა. ერთი კვირის შემდეგ კი უეფამ  ქართული მხარის აპელაცია დააკმაყოფილა და სტადიონზე იმ 11 ათას გულშემატკივრის დასწრების ნებართვა გასცა, რომლებსაც ოქტომბერში ჰქონდათ ბილეთები ნაყიდი.

რუსეთთან თამაშში ინციდენტები არ მომხდარა. წესრიგს 3 ათასამდე სამართალდამცავი იცავდა. პრეტენზიები არც მსაჯობაზე გამოუთქვამს რომელიმე მხარეს.

“ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საპრეტენზიო ნამდვილად არაფერია. მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის” _ განუცხადა ჟურნალისტებს უეფას დელეგატმა რუდოლფ ბატამ, რომელიც ამ ორგანიზაციას სწორედ 12 ოქტომბრის ვერ ჩატარებულ თამაშზეც წარმოადგენდა.

თამაშის შემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთვნელი ვალერი გაზაევი, რომელიც პირველი თამაშის ჩაშლის გამო ხელახალი შეხვედრის ნეიტრალურ მინდორზე გამართვას ითხოვდა. მისი კოლეგა ივო შუშაკი მეტად გახარებული იყო ამ პრინციპული თამაშის მოგებით.

ეს იყო გამარჯვება, რომელმაც მთელ საქართველოს დიდი სიხარული აჩუქა და რომელმაც 4 ტურით ადრე საქართველოს ნაკრებს ევრო-2004 ჩემპიონატში მე-10 შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის შანსი მისცა.

გოგა ჩანადირი “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version