ხელისუფლება ოპოზიციას ცსკო-ს დაკომპლექტების საბოლოო ვარიანტს შესთავაზებს

(თბილისი, 10 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო წინასაარჩევნო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” წარმომადგენლები სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან დღევანდელ თათბირზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შესახებ იმსჯელებენ.

“ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ ცსკო-ს დაკომპლექტების საბოლოო ვარიანტს, რამდენად მისაღები იქნება ეს მათთვის, მათი გადასაწყვეტია, ჩვენ უკვე სამჯერ წავედით დათმობაზე, თუმცა უშედეგოდ”, – განაცხადა დღეს ბლოკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი გოგავამ.

მისი თქმით, სახელისუფლო ბლოკი თავის მხრივ წარმოუდგენელად მიიჩნევს ოპოზიციის მოსაზრებას ცსკო-ს უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტების შესახებ. ჯერ-ჯერობით ბლოკი არ აკონკრეტებს, თუ რა პრინციპით მოხდება ახალი ცსკო-ს დაკომპლექტება. ამჟამად რამდენიმე პროექტი არსებობს, რომელთა შეჯერებაც თათბირზე მოხდება.

სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში “მრეწველების” ოფისში დახურულ კარსმიღმა მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

Exit mobile version