(თბილისი, 22 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა უარყოფითად აფასებს და პოლიტიკურ შანტაჟს უწოდებს საქართველოში თურქული და ბრიტანული ავიახაზების რეგულარული რეისების შეწყვეტას და საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ შანტაჟის აღმოსაფხვრელად.
“თურქული და ბრიტანული ავიახაზების რეისების შეწყვეტა ხელს შეუშლის საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებას, დაუკარგავს რწმენას უცხოელ დამკვირვებლებს, ბიზნესმენებსა და მსხვილ პოტენციურ ინვესტორებს, აგრეთვე საგრძნობლად შეაფერხებს იმ შიდა და საერთაშორისო ოპერაციების განხორციელებას, რომლებიც ქვეყანაში საქმიანი პირების რეგულარულ გადაადგილებას მოითხოვს”, – ნათქვამია ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
სავაჭრო პალატა თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 27 თებერვალს მიღებული რეზოლუცია თურქული და ბრიტანული ავიახაზების ლიცენზიების გაუქმებაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში პირად ინტერესებს გაცილებით მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ქვეყნის განვითარებას და მის კეთილდღეობაზე ზრუნვას.
პარლამენტმა ეს განაწყვეტილება 2003 წლის 27 თებერვლას მიიღო და ბრიტანეთის და თურქეთის ავიაკომპანიებს ქართულ ავიაკომპანიებთან კომერციული ხელშეკრულების გაფორმება და საგადასახადო დავალიანების გადახდა დააკისრა, რაც საერთო ჯამში 30 მლნ ლარს აღწვეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისში იმყოფებოდნენ ბრიტანეთის ავიაკომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც სამი დღის განმავლობაში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მთავრობასთან, თუმცა უშედეგოდ. ბრიტანელები ამ დავალიანების არსებობას უარყოფენ და მისი გადახდის წინააღმდეგი არიან.
ასევე ცალკე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თურქეთის საელჩოსა და ქართულ მხარეს შორის. ერთი კვირის წინ თურქეთში იმყოფებოდა სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჭანკოტაძეც.
ქართულმა მხარემ კომპანიას კვირაში 2 რეისის განხორციელება შესთვაზა, მაგრამ თურქული მხარე არ დათანხმდა და ძველ რეჟიმში კვირაში 3 რეისი ითხოვა.
ბრიტანეთის ავიახაზებმა საკუთარი განცხადების საფუძველზე შემოდგომამდე ოფიციალურად უკვე შეწყვიტა ყველა სახის რეისის (ჩარტერული რეისების) განხორციელება თბილისი-ლონდონის მიმართულებით.
კომპანიას განზრახული აქვს ფრენების განახლება 27 ოქტომბრის შემდეგ, თუ ქართული მხარე ამის ნებას დართავს. მანამდე კი სტამბულისა და ლონდონის მიმართულებით რეისები მესამე ქვეყნების გავლით ხორციელდება.