მხარეებმა პოლიტიკურ კომპრომისს კვლავ ვერ მიაღწიეს
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამთავრობო საპარლამენტო ფრაქციები შეთანხმდნენ განეხილათ ოპოზიციის შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით.
ამავე დროს, არსებული ცსკო-ს წევრებს არ ექნებათ უფლება მოიპოვონ ადგილები ახალ კომისიაში. პროექტის მიხედვით, ახალი კომისია უნდა შეიქმნას 1 ივლისამდე. საკითხის პარლამენტში განხილვამდე ფრაქციები კონსულტაციებს ატარებენ, თუმცა ვერანაირ კომპრომის ვერ მიაღწიეს.
“მოქალაქეთა კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა ვიტალი ხაზარაძემ უარყო შემოთავაზება და განაცხადა, რომ საპარლამენტო კომიტეტებს არ განუხილიათ კანონპროექტი, ამგვარად დოკუმენტის საპარლამენტო სესიაზე განხილვის იურიდიული საფუძველი არ არსებობს.
“ძალიან ვწუხვარ, რომ აქ მოგიწიათ მოსვლა თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და რომ პარლამენტმა ვერ შეძლო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა”, – განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ყველანაირად ვეცდები, რომ პარლამენტმა შეძლოს კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება ცსკო-ს გაუქმებისა და საარჩევნო კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მან.
აქციის ორგანიზატორები არიან გაერთიანებული დემოკრატები, ნაციონალური მოძრაობა, სახალხო პარტია, ახალი მემარჯვენეები და ტრადიციონალისტები.
“მოდით ერთად დავდგეთ და მივცეთ ხალხს შანსი მონაწილეობა მიიღონ სამართლიან არჩევნებში”, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და თბილისის საკრებულოს თავჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა.
“ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რათა დავამარცხოთ მთავრობა”, – თქვა “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.
“მთავრობა ხალხის წინააღმდეგ არის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ არ მჯერა ამ მთავრობის და მინდა რომ ის გამოიცვალოს დემოკრატიული არჩევნების გზით”, – განუცხადა თბილისის ერთ-ერთმა მოქალაქემ თენგო კიკაბიძემ “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს.
საპროტესტო აქციები რაიონებშიც იგეგმება. ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით ქუჩის საპროტესტო აქციები ჩატარდება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში, ხოლო ქუთაისში აქციას “ახლები” გაუწევენ კოორდინაციას.
მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, საპროტესტო აქციების მიზანია სიტუაციის დესტაბილიზაცია ქვეყანაში. 2 ივნისს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ქუჩის აქციებს “ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნის მცდელობა” უწოდა და მოუწოდა ოპოზიციასა და მოსახლეობას თავი შეეკავებინათ ქუჩაში გასვლისაგან.
საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბირძანიამ, რომელიც შორიახლოდან აკვირდებოდა თბილისის აქციას, განაცხადა, რომ საპროტესტო აქცია კანონდარღვევაა, რადგანაც “მათ არანაირი ნებართვა არ გააჩნიათ აქციის ჩატარებისა”.
“ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი ინფორმაციით, ზოგიერთი ძალები საპროტესტო აქციას სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით გამოყენებას შეეცდებიან, ამიტომაც აქ ვარ და ვუთვალთვალებ სიტუაციას”, – უშიშროების მინისტრმა განაცხადა.
ოპოზიციამ უარყო ეს განცხადება იმ მოტივით, რომ მათ აქვთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ჩატარების კონსტიტუციური უფლება და რომ ეს ერთადერთი გზაა, რათა აიძულონ მთავრობა კომპრომისზე წავიდეს ცსკო-ს დაკომპლექტების საკითხთან მიმართებაში.
პარლამენტის მიერ ცსკო-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში ქართველმა პოპ-ვარსკვლავებმა პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისათვის კონცერტი გამართეს, რომელსაც “მუსიკალური დესტაბილიზაცია” უწოდეს.
გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია