ჟვანიას განცხადებით, მთავრობა აშშ-ის რეკომენდაციების განხორციელებას აბრკოლებს

(თბილისი, 22 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 22 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელისუფლებო ფრაქციები ცსკო-ს დაკომპლექტების თაობაზე აშშ-ის რეკომენდაციების განხორციელებას აბრკოლებენ.
 
სახელისუფლებო ალიანსის წარმომადგენელმა ვიტალი ხაზარაძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სახელისუფლებო ფრაქციები მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო კოდექსს, სანამ ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
 
“ხაზარაძის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ სახელისუფლებო ფრაქციები ცდილობენ ხელი შეუშალონ ბეიკერის გეგმის განხორციელებას” – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

აშშ-ის რეკომენდაციების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციური პარტიების ცხრა და სახელისუფლებო პარტიების ხუთი წევრისაგან უნდა იყოს დაკომპლექტებული. 

აღორძინება და მრეწველები ამ რეკომენდაციების წინააღმდეგ გამოდიან და შესაბამისად ოთხ და ორ ადგილს მოითხოვენ კომისიაში.
 
“სივილ ჯორჯიასთვის” მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია “არც თუ ისე პოზიტიურ როლს თამაშობს ცსკო-ს დაკომპლექტების პრობლემის გადაწყვეტაში,” მიანიშნა რა აღორძინებისა და მრეწველების პოზიციაზე. 
 
“დანამდვილებით ვიცი, რომ მთავრობა გარკვეულ პარტიებს, რომლებიც საკუთარ თავს ოპოზიციად მიიჩნევენ, მესიჯებს უგზავნის, რომელთა შინაარსიც ასეთია: “არ დათანხმდეთ” – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. 

Exit mobile version