(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქცია “აღორძინება” უარს აცხადებს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კენწისყრაში მონაწილეობაზე.
ფრაქციის წევრი სანდრო ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის მხრიდან არასწორი საარჩევნო კოდექსის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს.
იგი პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის კონსულტაციების დროს, როდესაც საარჩევნო კოდექსი განიხილებოდა, მიწვეული არ ყოფილა “აღორძინება”, რის გამოც ისინიDდღევანდელ სხდომაზე კენჭისყრებში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებენ.
ეს ბრალდება უარყო პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომლის თქმითაც, მან პირადად მიიწვია ფრაქცია “აღორძინების” თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე.
“ასეთი განცხადებები პარლამენტის სხდომაზე არ უნდა კეთდებოდეს, ვიმედოვნებ, რომ ეს თვითმიზანი არ არის სხდომის ჩაშლის, ან საარჩევნო კოდექსის ბლოკირების”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსის განხილვა და დამტკიცება, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის კონსულტაციებზე იქნა შეთანხმებული. კონსულტაციებს არ ესწრებოდნენ “აღორძინებისა” და “მრეწველების” წარმომადგენლები, რომლებიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2 და 4 წევრის შეყვანას ითხოვენ.