თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ცნობას “ავაქსის” განმეორებით შესაძლო შემოფრენის შესახებ

(თბილისი, 18 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას 19 ივლისს საქართველოს საჰაერო სივრცეში ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავის “ავაქსის” შესაძლო შემოფრენის თაობაზე.

“სამინისტროში ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, ერთობლივი ღონისძიება უკვე ჩატარდა 9 ივლისს და ასე მოკლე ხანში ხელმეორედ ამ ღონისძიების ჩატარება გამოირცხულია”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მირიან კიკნაძემ.

იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოხდეს “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება, რაც ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში დაშვებულია, თუმცა წინასწარი შეტყობინება უნდა მოხდეს, რაც არ მომხდარა.

ინფორმაცია 19 ივლისს საქართველოში “ავაქსის” სადაზვერვო თვითმფრინავის შემოფრენის და ერთობლივი ღონისძიების ჩატარების თაობაზე, კერძოდ, ორი საათის განმავლობაში დასვლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ფრენის შესახებ, ნატო-ს შტაბბინის წარმომადგენელის მხრიდან ბრიუსელში გავრცელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version