(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში მეორე დღეა სამუშაო ვიზიტით იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოთხკაციანი დელეგაცია, რომელიც მოლაპარაკებებს მართავს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის დროს შესაძლებელია მოხდეს ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც მიზნად ისახავს ერთ-ერთი პროექტის დაფინანსებას, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთიან რეგიონებში რადიაციული წყაროების აღმოჩენა გახდება შესაძლებელი. ამ პროექტის განხორციელება შესაძლოა მოხდეს პანკისის ხეობაშიც, თუმცა ამის შესახებ რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები ჯერ არ საუბრობენ.
ვიზიტის დროს სააგენტოს წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან ერთად განიხილავენ კავკასიის რეგიონში სპეციალური კალიბრირების ლაბორატორიის და ონკოლოგიურ საავადმყოფოში განყოფილების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის საკითხსაც, რაც შესაძლებელს გახდის რადიაციით დასხვებული ადამიანების მკურნალობას. ლაბორატორიის შექმნა კი საშუალებას მისცემს ქართულ მხარეს აწარმოოს რადიაციული ნივთიერების აღმოჩენის სამუშაოები.