სასამართლომ სამოქალაქო ორგანიზაციათა სარჩელი დააკმაყოფილა

სამოქალაქო ორგანიზაციები ფინანასთა სამინისტროს წინააღმდეგ

10 ივნისს, თბილისის საოლქო სასამართლომ სამოქალაქო ორგანიზაციათა მონიტორინგის ჯგუფის სარჩელი დაკმაყოფილა, რომელიც ფინანსთა მინისტრის #162 ბრძანების წინააღმდეგ იყო შეტანილი. ბრძანებულება “გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღრიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” გრანტებზე სახელმწიფო კონტროლს აწესებდა.

2003 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა ფინანასთა მინისტრის #162 ბრძანება, “გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული საქონლის აღიცხვისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.

ბრძანებით დგინდება ნებისმიერი ორგანიზაციის (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც) და მათი რეგიონალური დეპარტამენტების და განყოფილებებისათვის სპეციალური ინსტრუქციები გრანტების მიღებისა და მათი გამოყენების შესახებ (მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-3 მუხლი და მე-7 მუხლი).   

ახლახანს შვიდმა სამოქალაქო ორგანიზაციამ შექმნა კანონმდებლობის მონიტორინგის ჯგუფი. სასამართლოში სარჩელი სწორედ აღნიშნულმა ჯგუფმა შეიტანა.

მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელთა განცხადებით, ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს 2003 წლის ბიუჯეტის შესახებ. აღნიშნული კანონის თანახმად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გრანტებისა და დახმარებების აღრიცხვისა და მათგან მიღებული თანხების ბიუჯეტში ასახვის მექნიზმები. გრანტები ან დახმარებები შეიძლება მიღებული იქნას სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბიუჯეტის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი მესამე სექტორის გრანტებთან დაკავშირებით. 

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით კი ნებისმიერ გრანტი (მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული გრანტი) სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე უნდა აღირიცხოს. სახელმწიფო ხაზინა ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს და შემოსული გრანტების ამ ანგარიშზე აღრიცხვით სამოქალაქო სექტორი რამოდენიმე მნიშვნელოვან დაბრკოლებას აწყდება. კერძოდ, სექტორი ვერ მიიღებს დივიდენდებს, რაც სხვა ბანკების ანგარიშზე თანხას ყოველთვის ერიცხებოდა.

ამასთანავე ერთად გართულებულია სახაზინო ანგარიშიდან თანხის გამოტანის პროცედურაც. ფინანსთა მინისტრის ბრძანება არავითარ ქმედით მექანიზმს არ შეიცავდა სახაზინო სამსახურის ანგარიშზე გრანტებით მიღებული თანხის აღსარიცხად,  რაც მესამე სექტორის წარმომადგენლებში გარკვეულ ეჭვს იწვევდა.

სამოქალაქო ორგანიზაციების მონიტორინგის ჯგუფმა საოლქო სასამართლოს მიმართა სარჩელით. სარჩელით მოთხოვნილია ნაწილობრივ გაუქმდეს ფინანსთა მინისტრის #162 ბრძანება. თბილისის საოლქო სასამართლომ მათი თხოვნა დაკმაყოფილა და დაადგინა: შეჩერდეს ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანების გასაჩივრებული მუხლების (მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, მე-3 მუხლი და მე-7 მუხლი) მოქმედება, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, ლევან მოსახლიშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება პირდაპირ დაკავშირებულია სახელმწიფოს სურვილთან გააკონტროლოს მესამე სექტორის ფინანსური მხარე. “ეს ბრძანება სამოქალაქო კოდექსის პრინციპებსაც არღვევს, რადგან მსგავსი კონტროლი კერძო სამართლის იურიდიული პირების თავისუფლებას ზღუდავს” – განაცხადა ლევან მოსახლიშვილმა.

ჯული გიორგაძე

Exit mobile version