ბურჯანაძე არჩევნებისთვის ემზადება

უკანასკნელ ხანს ბურჯანაძე ნათლად გამოხატავს თავის სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ, თუმცა არ ჩქარობს გააკეთოს საბოლოო არჩევანი, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაეყრდნობა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისას. პარლამენტის თავმჯდომარის გავლენიანი პოზიცია და მაღალი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან საშუალებას აძლევს მას მიიღოს გადაწყვეტილებები უკანასკნელ მომენტში.

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით ბურჯანაძე სხვა პოპულარულ პოლიტიკოსებს მნიშვნელოვნად უსწრებს. როგორც პოლიტიკური დამკვირვებლები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო ვაჭრობამ და დაპირისპირებამ საზოგადოების რწმენა ოპოზიციის მიმართ საკმაოდ შეამცირა, ბურჯანაძე კვლავ სარგებლობს ხალხის მხარდაჭერით. 2 ივლისს ბურჯანაძის შეხვედრამ ხელოვან ინტელიგენციასთან ეს მოსაზრება კიდევ უფრო გაამყარა.

ბურჯანაძესთან შეხვედრაზე შეკრებილმა მწერლებმა, პოეტებმა, მსახიობებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო და გამოხატეს სკეპტიციზმი როგორც მთავრობის, ასევე გარკვეულ წილად ოპოზიციის მიმართაც. ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ბურჯანაძეს მხარდაჭერა აღუთქვეს, თუ კი ის მკვეთრად გამოხატულ პოზიციას დაიკავებს.

ნინო ბურჯანაძე, რომელიც აპირებს გამოაქვეყნოს თავისი წინასაარჩევნო პროგრამა უახლოეს მომავალში, თავს იკავებს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებისაგან.

რადიო თავისულფების პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ აღნიშნა, რომ ზომიერ პოზიციაზე მდგომ პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია როგორც შევარდნაძის გუნდში ყოფნა, ასევე ოპოზიციის მხარეზეც გადასვლა. “არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა ბურჯანაძის ინტერესებში არ არის. მას ძლიერი პოლიტიკური ბაზა სჭირდება, რადგან საბოლოო ჯამში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მისთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი გაერთიანებული ოპოზიციის ხელმძღვანელობა იქნებოდა. ბურჯანაძე აქტიურად ცდილობს იქონიოს ახლო კავშირი ზურაბ ჟვანიასთან – უაღრესად გამოცდილ პოლიტიკოსთან, რომელსაც, ამავე დროს არ აქვს ფართო პოპულარობა მასებში. ბურჯანაძის პოპულარობა და ჟვანიას გამოცდილება მათ საუკეთესო პოლიტიკურ წყვილად აქცევს” – უთხრა ია ანთაძემ “სივილ ჯორჯიას”.

ბურჯანაძემ ჯერ კიდევ აპრილში გადაწყვიტა არ ყოფილიყო პრეზიდენტის გუნდში, როცა განაცხადა, რომ “შევარდნაძის მხარდამჭერი ბლოკის მიერ გადადგმული არადემოკრატიული ნაბიჯები დიქტატორობამდე მიგვიყვანს”.

ბურჯანაძე მიიჩნევა ერთადერთ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია უხელმძღვანელოს ამბიციური ლიდერების ბრძოლაში ჩათრეულ მრავალფეროვან ოპოზიციას.

ბურჯანაძეს მხარს უჭერს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი ზურა ჟვანია. გაერთიანებული დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა გიორგი ბარამიძემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა: “ჩვენ მოხარული ვიქნებით ვიხილოთ ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერად. ამ მხრივ ჩვენ არავითარ დაბრკოლებებს არ შევქმნით”.

თუმცა ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერები არ არიან მზად ბურჯანაძეს ხელმძღვანელობისათვის და ოპოზიციური პარტიების ერთიან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებისათვის. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამ პროცესებს პოლიტიკოსებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ, რადგან საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვება საპრეზიდენტო არჩევნები 2005 წელს. სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაზღვრავს თუ ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მის პარტიას შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები სხვა ოპოზიციურ პარტიებს და კერძოდ ნინო ბურჯანაძეს. სააკაშვილის სიტყვებს საფუძვლად უდევს მისი პარტიის წარმატება 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში.

“პირველ რიგში ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რამოდენიმე ძირითად საკითხზე: სხვა პარტიებმა უნდა მიიღონ ჩვენი ანტიკორუფციული პროგრამა. ამის შემდეგ ჩვენ ნებისმიერს დავუჭერთ მხარს, მათ შორის ნინო ბურჯანაძესაც, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის სახით” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.

თუმცა, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ანტიკორუფციული პროგრამა მხოლოდ საბაბია. სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი კონკურენცია პრეზიდენტის პოსტისათვის.

იგრძნო რა ეს სისუსტე, შევარდნაძე ყველანაირად შეეცადა ამ კონკურენციის გაღვივებას. 16 ივნისის ბრიფინგზე შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ის არ აპირებს კენჭი იყაროს მესამე ვადით და დასძინა: “სხვათა შორის, ამ მხრივ ნინო ბურჯანაძეზე იფიქრეთ. ის ძალიან კარგი პოლიტიკოსია”.

“ვფიქრობ პრეზიდენტმა ბურჯანაძე გამიზნულად ახსენა. ეს განცხადება გაკეთდა ბურჯანაძესთან სააკაშვილის დაპირისპირების მიზნით” – აღნიშნავს ია ანთაძე.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მას აქვს მუდმივი კონსულტაციები ოპოზიციასთან, მაგრამ მისი იმედები ოპოზიციის გაერთიანების თაობაზე თანდათან ქრება. “ძალიან დასანანია, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ შეძლო გაერთიანება. იმედი მაქვს ისინი მაინც შეძლებენ შეთანხმებას, მაგრამ ამის შანსები სულ უფრო და უფრო მცირდება” – თქვა ნინო ბურჯანაძემ 2 ივლისს.

მოსალოდნელია, რომ ბურჯანაძის გეგმები უფრო ნათელი გახდება 10 ივლისს როტერდამიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილების მისაღებად იმყოფება. ბურჯანაძეს აღარ შეუძლია მეტი დაცდა, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე მხოლოდ ოთხი თვე რჩება.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ბურჯანაძე დიქტატურის საფრთხეს ხედავს

Exit mobile version