24 ივნისიდან საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიასთან რთულ მოლაპარაკებებს იწყებს, რომლის დროსაც მთავრობა შეეცდება ფონდი ქვეყანასთან თანამშრომლობის გაგრძელებაში დაარწმუნოს. თუმცა საქართველოს მხრიდან ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობა მოლაპარაკებათა წარმატებას ეჭვქვეშ აყენებს.
23 ივნისის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის პროგრამები საქართველოში არ შეწყდება, რადგან როგორც თვითონ აღნიშნა რეკომენდაციების შესრულების მხრივ დადებით ტენდენციები შეინიშნება. “მდგომარეობა არც თუ ისე საგანგაშოა, როგორც ამას ზოგიერთები აცხადებენ,” განაცხადა ორშაბათის რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
თუმცა ორიოდე კვირის წინ პრეზიდენტი სრულიად სხვაგვარ განცხადებებს აკეთებდა. 10 ივნისს შევარდნაძემ სპეციალური თათბირი მიუძღვნა სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. თათბირს მთავრობის ეკონომიკური გუნდის მთლიანი შემადგენლობა ესწრებოდა. პრეზიდენტმა მკაცრი გაფრთხილება მისცა ეკონომიკური სამინისტროების პირველ პირებს.
“თუ ივნისის ბოლოს სავალუტო ფონდის მისიას ყველა რეკომენდაცია შესრულებული არ დახვდება, ფონდი საქართველოსთან ურთიერთობას შეწყვეტს, რაც ძვირად დაუჯდება არა მარტო ქვეყანას, არამედ მთავრობასაც”, განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტს, რომელიც თბილისში 24 ივნისს დაიწყება, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად მოუმზადებელი ხვდება. შეუსრულებელია თითქმის ყველა მოთხოვნა, რაც სავალუტო ფონდის თებერვლის ვიზიტის დროს საქართველოს წინაშე დადგა.
სავალუტო ფონდის რეკომენდაციები მოიცავს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კორექტირებას 113 მილიონი ლარით, რათა მოხდეს ბიუჯეტის დეფიციტის თავიდან აცილება, ენერგეტიკაში ადმინისტრირების გაუმჯობესებას და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას, ფოთის პორტის, რკინიგზის და მადნეულის საწარმოების აუდიტს, აჭარასთან საბიუჯეტო ურთიერთობების დარეგულირებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ კანონის მიღებას. ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ ეს უკანასკნელი შესრულდა. პარლამენტმა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის წინააღმდეგ კანონი 6 ივნისს მიიღო.
საგულისხმოა, რომ სავალუტო ფონდის მემორანდუმში ასახული მოთხოვნების შესახებ მთავრობა თებერვალშივე იყო ინფორმირებული. ოთხი თვის მანძილზე ვერ მოხერხდა ამ რეკომენდაციის სისრულეში მოყვანა.
“ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვიწინასწარმეტყველეთ, რომ მთავრობა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე აღმოჩნდებოდა”, აცხადებს შემოსავლების ყოფილმა მინისტრი, “გაერთიანებულმა დემოკრატების” წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.
“ბოლო წლებში პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის წარმატებები მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით სახეზეა, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი საერთაშორისო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ჩვენი რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში განახლდება მოლაპარაკებები საქართველოში პროგრამის აღდგენის შესახებ”, ნათქვამია სავალუტო ფონდის მემორანდუმის დასკვნით ნაწილში.
მთავარი საფრთხე, რასაც სავალუტო ფონდთან ურთიერთობის გაუარესებით საქართველო შესაძლოა წააწყდეს, არის პარიზის კლუბში საგარეო ვალების გადავადების საკითხი. პარიზის კლუბში ფონდი საქართველოს ოფიციალური პარტნიორია. Aამ პარტნიორობის დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა სექტემბერში ვალების რესტრუქტურიზაცია არ მოხდეს და ბიუჯეტს 50 მილიონი დოლარით მეტი საგარეო ვალების მომსახურება მოუხდეს. Aამ სცენარით საქართველოს დეფოლტი ემუქრება.
ამას გარდა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფონდის პროგრამების შეწყვეტა განაპირობებს საქართველოსადმი ინვესტორების მხრიდან ნდობის დაკარგვას და მსოფლიო ბანკის პროგრამების ავტომატურ შეჩერებას.
2003 წლის ხუთი თვის შედეგებით ბიუჯეტს 65 მილიონი ლარი დააკლდა. ბიუჯეტის 85 მილიონით კორექტირების გეგმა ფინანსთა მინისტრმა პრეზიდენტს 10 ივნისის თათბირზე წარუდგინა. Aამ გეგმის მიხედვით სამინისტროებს არაპროპორციულად აკლდება თანხები. მაგალითისთვის თავდაცვის სამინისტროს 3,5 მილიონი ლარი აკლდება, ხოლო სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 60 ათასი ლარი. ეს დისპროპორციები უკმაყოფილებას იწვევს სხვადასხვა უწყებების მხრიდან.
“საჭიროა ქირურგიული ჩარევა ბიუჯეტის სფეროში, სავალუტო ფონდს ნაკლებად აინტერესებს, თუ რა თანხები დააკლდება თავდაცვას ან სოციალურ სფეროს, მათთვის მთავარია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობა” – განაცხადა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ.
მისი თქმით შესაძლოა სავალუტო ფონდმა თვალი დახუჭოს ზოგიერთი რეკომენდაციის შეუსრულებლობაზე, მათ შორის ფოთის პორტისა და რკინიგზის აუდიტზე, “იმ შემთხვევაში თუ საბიუჯეტო პრობლემები მოგვარდება.”
საქართველოსთან ფონდის თანამშრომლობის საკითხი სფფ-ის მისიის საბოლოო გადაწვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია