ბასილ მკალავიშვილს ბრალი ედება 2002 წლის 3 თებერვალს თბილისში, ვაშლიჯვარში იეღოვას მოწმეთა და ბაპტისტთა რელიგიური ლიტერატურის ათასობით ეგზემპლარების დაწვაში.
საერთაშორისო ორგანიზაციები, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვითი ორგანიზაციები უკვე რამოდენიმე წელია მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას აღკვეთოს მკალავიშვილის საქმიანობა და დასაჯოს იმ მრავალრიცხოვანი დარბევისთვის, რომელიც განკვეთილმა მღვდელმა რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ განახორციელა.
ვაკე-საბურთალოს და საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებამდე კარგა ხნით ადრე ბასილ მკალავიშვილს დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება ქალაქიდან გაუსვლელობის სახით უკვე შეუფარდა, თუმცა ამას არ შეუშლია მისთვის ხელი იანვარში ბაბტისტურ-ევანგელისტური ეკლესია დაერბია თბილისში. ასე, რომ აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი დაკავების სახით ერთადერთ საშუალებად რჩება რათა ამგვარი ფაქტები აღარ განმეორდეს.
“ბასილ მკალავიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება კანონის უზენაესობის დასაცავად გადადგმული პირველი ნაბიჯები უფროა და, მოდით, ამას ნუ დავარქმევთ რელიგიურ უმცირესობათა დაცვას. დროა, ქვეყანაში სამართლის არსებობის განცდა გაჩნდეს” _ განუცხადა სატელეფონო საუბარში “სივილ ჯორჯიას” საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელმა მალხაზ სონღულაშვილმა.
თუმცა განკვეთილი მღვდლის დაკავება ვერ ხერხდება. 5 ივნისს ძებნილის დასაკავებლად მისულ პოლიციას მკალავიშვილის “მრევლმა” წინააღმდეგობა გაუწია და თავიანთი “მოძღვრის” დაპატიმრების უფლება არ მისცა.
10 ივნისს მკალავიშვილის მხარდამჭერებმა მიტინგი გამართეს თბილისის საოლქო სასამართლოს წინ და მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. უმრავლესობას გამოტანილი ჰქონდა პლაკატი წარწერით “სექტანტური ლიტერატურა დავწვი მე”, რაც ბასილ მკალავიშვილის უდანაშაულობის მტკიცების ერთგვარი მცდელობა იყო.
“სასამართლომ აშკარად ხელისუფლების შეკვეთა შეასრულა და მამა ბასილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მას ერთი აღმკვეთი ღონისძიება _ ქალაქიდან გაუსვლელობა დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოსგან ისედაც შეფარდებული ჰქონდა და მეორე გადაწყვეტილება რაღა საჭირო იყო?” _ ამბობს ბასილ მკალავიშვილის ვექილი ქართლოს ღარიბაშვილი “სივილ ჯორჯიასთან” საუბარში.
“იეღოვას მოწმეთა ორგანიზაცია სექტაა და საქართველოში რეგისტრირებული არ ყოფილა. მისი ის ლიტერატურა, რომელიც დაწვეს, კონტრაბანდა იყო. სამართალდამცავი ორგანოები როცა კონტრაბანდულ საქონელს იღებენ, ისინი ხომ მას ცეცხლში დაწვით ანადგურებენ? თუ ეს დანაშაული არ არის, მაშინ არც მამა ბასილი და მისი მრევლია დამნაშავე” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტარმა შარაძემ.
თუმცა როგორც ევანგელისტურ-ბაბტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი აცხადებს, კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის უფლება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს აქვთ.
“დავუშვათ, ჩვენი წიგნები კონტრაბანდული იყო, ვინ მისცა მკალვიშვილსა და მის მომხრეებს ამის დაწვა-განადგურების უფლება? კონტრაბანდის აკრძალვაზე კონტროლი ხელისუფლებას აქვს და არა კერძო პირებს” _ აცხადებს მალხაზ სონღულაშვილი.
ბასილ მკალავიშვილი მიმალვაშია. თუმცა როგორც პირად საუბრებში თავად პოლიციელები აღიარებენ, სამართალდამცავებისათვის ბრალდებულის ადგილსამყოფელი ცნობილია, მაგრამ გადამჭრელი ზომების მიღება მკალავიშვილის მრევლისა და მოსალოდნელი დესტაბილიზაციის გამო ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. მკალავიშვილის დაპატიმრების შემთხვევაში მისი მხარდამჭერები პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
სახელმწიფო რელიგიურ უმცირესობებს ბოდიშს უხდის
მკალავიშვილი რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმებს განაგრძობს