23 მარტის გვიან საღამოს ათეულობით ყოფილმა გვარდიელმა დაიკავა სამხედრო ნაწილი თბილისში, განაიარაღა დაცვა, როგორც გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა “წინააღმდეგობის გარეშე” ხელში ჩაიგდო იარაღი და ჯავშან-ტექნიკა.
ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა კომანდოს ბატალიონმა სამხედრო ნაწილს ალყა შემოარტყა. უმაღლესი ქართველი ოფიციალური პირები, მათ შორის შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრები და გენერალური პროკურორი მეამბოხეებთან მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.
“მათ მხოლოდ ორი პირობა წავუყენეთ: ციხე, ან შტურმი”, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა 24 მარტს, მას შემდეგ, რაც მეამბოხეები პოლიციას ჩაბარდნენ. ეროვნული გვარდიის 19 ყოფილ მებრძოლს ბრალი ედებათ სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისათვის.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განცახადა, რომ “როგორც თავად მეამბოხეები ამბობენ, მათ ამ ნაბიჯით საკუთარი სოციალური პრობლემებისადმი ხელისუფლების ყურადღების მოპყრობა სურდათ”.
მეამბოხეთა ნათესავებისა და ყოფილი კოლეგების სიტყვებით, მეამბოხეები ბრუნდებოდნენ ერთ-ერთი ყოფილი თანამეძბრძოლის ქელეხიდან. მათი მტკიცებით, მეამბოხეთა პროტესტი და შემდგომი ჯანყი გამოიწვია გარდაცვლილი მეგობრისა და მისი ოჯახის ცხოვრების უმძიმესმა პირობებმა.
თუმცა ხელისუფლებას ეჭვი ეპარება ვეტერანების მოტივებში. “ეს არ იყო შემთხვევითი მოვლენა. ეს იყო ნაბიჯი მიმართული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და მის უკან გარკვეული ძალები დგანან” – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 24 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
“არავინ არ იქცევა ასე, თუ მას ყურადღების მიპყრობა უნდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია” – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს 24 მარტს.
24 მარტის ბრიფინგზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ “სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია პროვოკაციის მზადების შესახებ. მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით ზუსტად რომელი სამხედრო ნაწილი იქნებოდა მეამბოხეთა სამიზნე”.
თუმცა არცერთმა ოფიციალურმა პირმა არ დაასახელა არც ამბოხის ჭეშმარიტი მიზეზები და მიზნები და არც ის ძალები, რომლებიც მის უკან იდგნენ. “გამოძიება უკვე დაწყებულია და პასუხს ყველა კითხვაზე გამოძიების დასრულების შემდეგ გავიგებთ” – თქვა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
ქართულ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ მეამბოხეები კავშირში იმყოფებიან ამჟამად მოსკოვში მყოფ ყოფილ თავდაცვის მინისტრთან თენგიზ კიტოვანთან, რომელიც გამუდმებით აკრიტიკებს პრეზიდენტ შევარდნაძეს. თუმცა, თავად თენგიზ კიტოვანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-სათვის მიცემულ ინტერვიუში უარყო ნებისმიერი კავშირი ამ ამბოხთან.
უკანსაკნელი სამი წლის მანძიზლე ქართულ ჯარში ეს უკვე ამბოხის მესამე შემთხვევაა. სამივე ინციდენტის მიზეზად სოციალური სირთულეები სახელდებოდა.
შარშან ივლისში კომანდოს ბატალიონისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის 100-მდე მაღალი რანგის ოფიცერმა სამხედრო სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მძიმე სოციალური პირობებისა და ქართულ ჯარში გამეფებული კორუპციის გამო.
პირველი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ემოქმედა ქართულ ჯარში მდგომარეობის გამოსასწორებლად, იყო 2001 წლის მაისის “მუხროვანის აჯანყება”, რომლის დროსაც ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ამბოხი წამოიწყეს. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ამბოხის ყველა მონაწილე შეიწყალა.
თუმცა ამჯერად პრეზიდენტი შევარდნაძე ულმობელ პოზიციაზე დადგა. “ყველა მეამბოხე სათანადო სიმკაცრით დაისჯება” – განაცხადა შევარდნაძემ.
გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია