(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე დავით გამყრელიძე დღეს პარლამენტის სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მან “გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარეს მიმართა და მას სახელფასო მინიმუმის გაზრდის შესახებ კანონპროექტის მიღების გადადება მომავალი წლის 1 იანვრამდე შესთავაზა.
“ხელისუფლებას პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია, არ მინდა, რომ ჩვენც დავკარგოთ ეს გრძნობა და ამიტომ ვითხოვ ამ საკითხის დრობით გადადებას და დამტკიცებული ბიუჯეტის გეგმის შესასრულებლად სეკვესტრის განხორციელებას. ვიცი, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ჩემთვის წამგებიანია, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ახლა ესაა”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე კატეგორიულად მიმართა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს და მისგან მოითხოვა დაეყენებინა სახელმწიფო მინისტრის და ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი.
“ერთხელ მაინც უნდა შეიქმნას დამნაშავის დასჯის პრეცედენტი, არ შეიძლება “კავკასიური ცარცის წრეში” ჩაყენებული ბავშვივით ვგლეჯდეთ საქართველოს”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მის ინიციატივას სახელფასო მინიმუმის გაზრდის საკითხის გადატანის შესახებ არ დაეთანხმა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია. მისი თქმით, ამ პროექტის განსახორციელებლად შეიქმნება მუშა ჯგუფი.
“ჩვენ არ ვაპირებთ საკითხის გადადებას, არამედ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რადგან ხელისუფლებას არ შესწევს ამის ძალა. ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოგდება ვერანაირი ძალისხმევით ვერ მოხერხდება”, – განაცხადა ჟვანიამ.
“გაერთიანებული დემოკრატები” მზად არიან ითანამშრომლონ ახალ მემარჯვენეებთან და სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან, რომლებიც მათ პოზიციებს გაიზიარებენ.