დეპუტატები ენერგოკრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

(თბილისი, 11 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქვეყანაში შექმნილ ენერგოკრიზისს დღეს პარლამენტის დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. მაჟორიტარი დეპუტატების განცხადებით, დღეისათვის ელექტრომომარაგების მხრივ სავალალო მდგომარეობაა საქართველოს თითქმის ყველა რაიონში, რასაც ენერგეტიკოსები მოხმარებული ენერგიის საფასურის გადაუხდელობით ხსნიან.

“მოსახლეობა უკვე კრიტიკულ ზღვარზეა, სხვა სოციალურ პრობლემებს ელექტროენერგიის დეფიციტიც ემატება, ხალხი უკვე მზაა არიან საპროტესტო აქციებზე გამოვიდეს არა მხოლოდ, რაიონებში არამედ ჩამოვიდნენ თბილისში და კანცელარიის შენობის წინ გამართონ აქციები. მთავრობა ვალდებულია ჯერ გასცეს მოსახლეობაზე ხელფასები და პენსიები შემდეგ მოითხოვოს საფასურის გადახდა”, – განაცხადა დუშეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა მარინა მოლოდინმა.

ანალოგიური განცხადებები გააკეთეს დეპუტატებმა საქართველოს სხვა რეგიონებთან მიმართებაშიც, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება 2-5 საათიანი გრაფიკის მიხედვით ხდება. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ჯგუშიას ინფორმაციით, ზუგდიდის მოსახლეობა მეორე დღეა საპროტესტო აქციებს მართავს ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით.

დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვეს პარლამენტში მიიწვიონ ენერგეტიკის დარგის ხელმძღვანელები, რასაც ნინო ბურჯანაძეც დაეთანხმა. მისი თქმით, ასეთი მდგომარეობა მოსახლეობის მასხრად აგდებაა, ამის გამო მან შესაბამის კომიტეტს დაავალა საკითხის შესწავლა და 13 მარტის სხდომაზე მისი განხილვა.

Exit mobile version