იაპონელი ჟურნალისტის კოსუკე ცუნეოკას ჩანაწერები და ფოტომასალა, რომელიც ქართულმა ყოველდღიურმა გაზეთმა “24 საათ”-მა 28 თებერვალს გამოაქვეყნა, დეტალურად ასახავს პანკისის ხეობაში ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ყოფნის ფაქტს. იაპონელი ჟურნალისტი ჩეჩენი საველ მეთაურის რაზმში 2001 წელს დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
პანკისში მყოფი მეომრების შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა წელს საქართველოს უშიშროების სამინისტრომაც გაავრცელა, თუმცა იაპონელი ჟურნალისტის მონაცემები ყურადღებას იმით იქცევს, რომ ეს წარმაოდგენს პირველწყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არა მარტო პანკისში ორიოდე წლის წინ არსებულ სიტუაციაზე, არამედ 2001 წლის ზაფხულის ბოლოს რუსლან გელაევის რაზმის პანკისიდან კოდორის ხეობაში გადასვლაზე, რაც იაპონელი ჟურნალისტის მტკიცებით საქართველოს სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზაბული.
კოსუკე ცუნეოკა 2001 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, ხუთი თვის განმავლობაშ,ი იმყოფებოდა რუსლან გელაევის რაზმში, რომელიც პანკისის ხეობას აფარებდა თავს. იაპონელი ჟურნალისტი საქართველოში თურქეთიდან, 2001 წლის ივნისში შემოვიდა და მაშინვე პანკისში გაემგზავრა, სადაც უკვე იმყოფებოდა ერთი იაპონელი, რომელიც რუსლან გელაევის რაზმის წევრი იყო.
“პანკისის ხეობაში, სადაც ჩეჩენი ლტოლვილები არიან, ყველაზე დიდი და ძლიაერი შეიარაღებული რაზმი, დაახლოებით 600 კაცი რუსლან გელაევს ყავს. იგი ჩეჩნეთის თავდაცვის მინისტრია. ჩეჩნები, ძირითადად, რუსული და ჩეჩნეთში დამზადებული იარაღით არიან შეიარაღებული,” ნათქვამია “24 საათის” მიერ გამოქვეყნებულ კოსუკე ცუნეოკას ჩანაწერების ფრაგმენტში. მისი თქმით ყველაზე კარგად გაწვრთნილი გელაევის რაზმში შემავალი არმან ბარაევის დაჯგუფებაა.
აღსანიშნავია, რომ იაპონელი ჟურნალისტი, საქართველოს უშიშროების სამინისტროსგან განსხვავებით უარყოფს პანკისში ალ-ქაიდასთან დაახლოებული მებრძოლების ყოფნის ფაქტს. “პანკისში არიან თურქი, აზერბაიჯანელი, ავღანელი მუსულმანი მებრძოლები, არის იაპონელი მედესანტე მინამი. თუმცა აქ არ არიან ალ ქაიდას წევრები, პირიქით, ზოგიერთი მებრძოლი წუხს, თუ რატომ არ ეხმარება უსამა ბინ-ლადენი მათ მოძრაობას,” ამბობს კოსუკე ცუნეოკა.
იაპონელი ჟურნალისტის თქმით პანკისში საქართველოს ხელისუფლების ძალაუფლება არ ვრცელდება. “აქ [პანკისის ხეობაში] ფაქტობრივად, ისლამური კანონებზე დაყრდნობით მოქმედებს თვითმმართველობა,” წერს კოსუკე ცუნეოკა. მისი თქმით რუსლან გელაევს იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ ხეობის უხუცესთა საბჭო ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მას უთანხმებდა.
იაპონელი ჟურნლისტის პანკისში ყოფნა დაემთხვა რუსლან გელაევის პანკისიდან კოდორის ხეობაში საიდუმლოებით მოცულ გადასვლას, რაც 2001 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განხორციელდა. ცუნეოკა ერთადერთი ჟურნალისტია, რომელიც ამ ფაქტის თვითმხილველია.
აი როგორ იხსენებს კოსუკე ცუნეოკა იმ მოვლენებს: “ყველას უთხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა გადავსულიყავით ჩეჩნეთში. ჩვენ პანკისის ხეობის აღმოსავლეთ ნაწილიდან გავედით. მე ვიჯექი საქართველოს არმიის სატვირთო მანქანაში. სულ მალე გავიგე, რომ გელაევსა და ქართველებს შორის იყო საიდუმლო შეთანხმება, რომ რაზმი თუ აფხაზეთში გადავიდოდა, ჩეჩნებს იარაღითა და სურსათით დაეხმარებოდნენ.”
ბრძოლები კოდორში 3 ოქტომბერს დაიწყო. ამ დროისთვის იქ გელაევთან და მის 300 მეომართან ერთად კოსუკე ცუნეოკაც იმყოფებოდა. შეტაკებები ჩეჩნურ-ქართულ შეიარაღებულ ჯგუფებსა და აფხაზებს შორის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდა.
იაპონელი ჟურნალისტის მონაცემებით რეიდში ჩეჩნების გვერდით იყო რამდენიმე ქართველი, უკარინელი, აზერბაიჯანელი მებრძოლი. კოდორის ხეობაში მათ ქართველი პარტიზანებიც შეუერთდნენ.
კოდორში ჩეჩნების გადაყვენის რეალური მიზეზები კოსუკე ცუნეოკასთვისაც ბურუსით არის მოცული. “ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გელაევის კოდორის ხეობაში გადაყვანით, ქართველებთან ერთად, ამერიკელები ნატო-ც იყვნენ დაინტერესებულნი,” ვარაუდობს იაპონელი ჟურნალისტი.
“24 საათის” ცნობით გელაევმა, წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ, კოდორის ხეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენით დატოვა და სავარაუდოდ მას კოსუკე ცუნეოკაც გამოყვა, რომელიც კვლავ პანკისში აღმოჩნდა, სადაც იგი დეკემბრის დასაწყისამდე დარჩა.
ამასობაში კი თბილისში ჩნდება ცნობები იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში იაპონელი ჟურნალისტია დაკარგული. 7 დეკემბერს კოსუკე ცუნეოკა საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩნდება. საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით იგი პანკისის ხეობაში იყო ჩეჩენი მეომრების მიერ დაკავებული და იაპონელი ჟურნალისტის განთავისუფლება სპეცოპერაციის მეშვებით მოხდა.
“24 საათის” ცნობით დღეს კოსუკე ცუნეოკა თავს კარგად გრძნობს. 35 წლის იაპონელი ჟურნალისტი ამჟამად ერაყში იმყოფება.