(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში დადებითად მოგვარდება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ კი სარკინიგზო მიმოსვლისა და რუსი სამშვიდობოების მანდატის პრობლემები.
“ამ საკითხებზე მსჯელობა რუსეთში მიმდინარეობდა სადაც პირველი რაუნდი დასრულდა, მხარეებმა ითხოვეს გარკვეული პერიოდი და ახლა მიმდინარეობს ცალკეული განხილვები, მე ისევ მოვიშველიებ რუსეთის პრეზიდენტის გონივრულ გამონათქვამს, რომ დევნილების დაბრუნება და რკინიგზის მიმოსვლის აღდგენა სინქრონულად უნდა მოხდეს” – განაცხადა დღეს ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ქართული მხარე თავად იზრუნებს ზუგდიდიდან სოხუმის მიმართულების სარკინიგზო მიმოსვლის კანონიერად აღდგენაზე. იგი ასევე შეეხო აფხაზეთში პასპორტიზაციის და სამშვიდობოებისთვის მანდატის გაგრძელების საკითხს და განაცხადა, რომ ამის თაობაზე კონკრეტული განხილვა მხარეების შემდგომ შეხვედრაზე მოხდება.
მოსკოვში კონსულტაციების გასამართად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე და განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე იმყოფებოდნენ.
მოსკოვის მოლაპარაკებებმა სამშვიდობოების საკითხს ნათელი ვერ მოფინა
