სერგეი ივანოვი ამტკიცებს, რომ პანკისში სიტუაცია არ შეიცვალა

(თბილისი, 10 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა მიუნჰენში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ვითარება იქ არ შეცვლილა იმასთან მიმართებაში, რაც ერთი წლის წინ იყო”. მისი თქმით, “საქართველოს ტერიტორიაზე არსებობენ ტერორისტთა ბაზები”.

როგორც ივანოვმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიაზე არსებობენ ლაბორატორიები, რომლებიც მომწავლელ ნივთიერებებს ამზადებენ მათ შორის ამ ნივთიერებების დასავლეთში გამოყენების მიზნითაც.

თუმცა იმავე დროს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეტი არ გეგმავს საომარი მოქმედებების ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე. “არანაირი სამხედრო გეგმები ჩვენ არ გვაქვს”, – თქვა ივანოვმა.

9 თებერვალს მიუნჰენში უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უსაფრთხოების ძალებმა წარმატებით ჩაატარეს ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში, და ეს ოპერაცია ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურებით დასრულდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version