თბილისელები ნაგავსაყრელის პრობლემას აგვარებენ

წარმატებული გარემოსდაცვითი კამპანია ლილოს დასახლებაში

ლილოს დასახლების მაცხოვრებლები სათემო მობილიზაციასა და ეროვნულ სამოქალაქო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წარმატებით ახორციელებენ გარემოსდაცვით კამპანიას. ქალაქის მუნიციპალური ხელისუფლება კი აფერხებს სასამართლოს გადაწყვეტილების განხორციელებას, რითაც ჩრდილს აყენებს პირველ გარემოსდაცვით წარმატებული კამპანიას.

ლილოს გარეუბანში არსებული ნაგავსაყრელი ქალაქის ყველაზე დიდი ნაგავსაყრელია, რომელიც მთელი დედაქალაქის ნაგავს იტევს. 7,5 ჰექტარის ფართობის, საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია ტიპის ნაგავსაყრელი, აეროპორტსა და ლილოს დასახლებას შორის, დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.

დაბინძურებული გარემო და სხვადასხვა ტიპის მღრღნელები ადგილობრივ მაცხოვრებლების ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ნაგავსაყრელი 1998 წელს უნდა დახურულიყო, თუმცა იგი დღესაც “წარმატებით” ფუნქციონირებს.

2001-2002 წლებში ადგილობრივმა სათემო კავშირმა “ლილო”-მ რამოდენიმეჯერ თხოვნით მიმართა გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ქალაქის მერიის გარემოსდაცვით კომიტეტს, შეეჩერებინათ ნაგავსაყრელის ფუნქციონირება, თუმცა ამ მოთხოვნებს შედეგი არ მოჰყოლია. 

სათემო კავშირი დაუკავშირდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტ ორგანიზაციაა. ამჟამად, ცენტრი “გარემოსდაცვით პროგრამას” ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის აარჰუსის გარემოსდაცვით კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და მოქალაქეთა მხარდაჭერა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კანონიერი უფლების განსახორციელებლად.  

2002 წელს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა და სათემო ორგანიზაცია “ლილო”-მ, რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი ნაგავსაყრელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით. 2002 წლის 21 თებერვალს, სასამართლომ ლილოს მცხოვრებთა სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი და დაავალა თბილისის მერიას და საკრებულოს 2002 წლის ბიუჯეტში გაეთვალისწინებინათ ლილოს ნაგავსაყრელის დასახურად საჭირო თანხები.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა შექმნილიყო ომისია, დედაქალაქის მერიის, საკრებულოსა და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა მონაწილეობით, რომელიც გამოყოფილი თანხების მიზნობრივ გამოყენებაზე განახორციელებდა მონიტორინგს.  

გადაწყვეტილება, მიღებიდან 1 წლის შემდეგ, კვლავ არ არის შესრულებული. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა რამდენიმეჯერ მიმართა თბილისის მერს და საკრებულოს ხელმძღვანელს, თხოვნით მოეყვანათ გადაწყვეტილება სისრულეში. მხოლოდ რამდენიმე მიმართვის შემდეგ, მოხერხდა პასუხის მიღება, სადაც საკრებულოსა და მერიის მხრიდან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა ჩანდა.

ორგანიზაციას სთხოვეს ჩართულიყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილი კომისიის მუშაობაში. “ჩვენ ვაპირებთ მონიტორინგი გავუწიოთ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და პირველი გარემოსდაცვითი კამპანია წარმატებით დავასრულოთ”_ განაცხადა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა, ეკა ბადრიძემ.   

ჯული გიორგაძე

Exit mobile version