“ახლები” თავიანთი ოფისის დარბევას “ხავერდოვან რევოლუციას” უკავშირებენ

(თბილისი, 5 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალი მემარჯვენეები” 3 თებერვალს მომხდარ ინციდენტში (ორთაჭალაში პარტიის ოფისის დარბევაში) ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამ დარბევას ისინი სახელმწიფო კანცელარიაში “ხავერდოვანი რევოლუციის” მოწყობის მცდელობას უკავშირებენ.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა  ლევან გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებს ამ “რევოლუციის” სცენარი და მისი მთავარი ინიციატორების ვინაობა გააცნო. “სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და “მოქალაქეთა კავშირის” ერთ-ერთი წევრი ვიტალი ხაზარაძე – ეს მთავარი სამეულია, რომელმაც ფარულად დაგეგმა რევოლუცია” – განაცხადა დღეს გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, ამ შეხვედრის მიზანი პრეზიდენტის ძალაუფლების შესუსტება ან მისი საკუთარი ნებით გადადადგომა იყო. ამასვე აცხადებს “ახლების” პარტიის წევრი ფიქრია ჩიხრაძე. “ეს იყო ხუნტის მეთოდოლოგიის გამოყენებით პრეზიდენტის კედელზე მიყენება ან მისი საერთოდ დამხობა, ამით ჯორბენაძეს უფლებები უფრო გაიზრდებოდა და ქვეყნის პირველი პირიც გახდებოდა, მეორე კობა ნარჩემაშვილი, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის განაწილება ვიტალი ხაზარაძესა და ვახტანგ რჩეულიშვილს შორის მოხდებოდა”, – აცხადებს ჩიხრაძე.

მისი თქმით, ამ ფარული შეხვედრის შემდეგ მოხდა პარტიის ოფისის და პარლამენტის შენობის წინ ზვიადისტების აქციის დარბევა, რათა ამას ხალხის ფართო მასების მხრიდან პროტესტი და არეულობა მოჰყოლოდა, რის შემდეგაც დადგებოდა პრეზიდენტის გადადგომის საკითხი.

გაჩეჩილაძის ინფორმაციით, საიდუმლო შეხვედრას კანცელარიაში არ ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, ვიანდან მის ადგილს “ხავერდოვანი რევოლუციის” მოხდენის შემდეგ “ახალი მემარჯვენეების” წევრს ირაკლი ბათიაშვილს სთავაზობდნენ, ასევე გენერალური პროკურორი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ალიანსის გამო ხსნიან. გაგეჩილაძის თქმი|თ, შეხვედრას არ დასწრებიან   დაზვერვისა და საზღვრის დაცვის დეპარეტამენტების ხელმძღვანელებიც.

ახალი მემარჯვენეები არ გამორიცხავენ, რომ ეს შეთქმულება სხვა უცხო ქვეყნის მიერაც იყო ინსპირირებული, რომლებსაც აწყობთ საქართველოში არეულობა, თუმცა ეს არ არის აშშ.

ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, ამ საქმეში გარკვეულწილად ჩაითრიეს ირაკლი ბათიაშვილიც. “მე მას ერთი თვის წინ ვაფრთხილებდი, რომ შესაძლებელი იყო მისი პროვოცირება მომხდარიყო ხელისუფლების მხრიდან და შეეთავაზებინათ მისთვის თანამდებობა, ” – აცხადებს ჩიხრაძე. მის გადაბირიებას პარტია იმაში ხედავს, რომ ბათიაშვილმა 2003 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

ახლების ოფისის დარბევის და “ხავერდოვანი რევოლუციის” საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც განიხილეს, სადაც პრეზიდენტმა ითხოვა სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება და უმოკლეს ვადაში მისი უშიშროების საბჭოში წარდგენა.

Exit mobile version