რუსეთს მიაჩნია, რომ მშვიდობისმყოფელთა საკითხი აფხაზებთან კონსულტაციებით უნდა გადაწყდეს

(თბილისი, 5 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ბორის მალახოვმა განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მანდატში ცვლილებების თაობაზე აუცილებელია კონსულტაციები აფხაზურ მხარესთან.

მალახოვმა სააგენტო “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ სამსვიდობო ძალების მანდატის თაობაზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგებლები მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე იმსჯელებენ, რომელიც უახლოეს ხანებში შედგება.

საქართველოს საგანგებო დავალებათა მინისტრი მალხაზ კაკაბაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე ახლო მომავალში მოსკოვს გაემგზავრებიან, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ახლახანს ვლადისლავ არძინბას მრჩეველმა ასტამურ ტანიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზადაა მოლაპარაკებებისთვის სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუხანგრძლივებს, თუ გაფართოვდება უსაფრთხოების ზონა და მთელ გალის რაიონს მოიცავს. მშვიდობისმყოფელთა მანდატი 31 დეკემბერს ამოიწურა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ოპერაციის ფორმატის გაფართოება დევნილებს გალის რაიონში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version