რჩეულიშვილი ვლადიკავკაზს მიემგზავრება

(თბილისი, 4 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ვახტანგ რჩეულიშვილი 5 თებერვალს ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ძასოხოვს შეხვდება.

“სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს საუბარი წარიმართება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.

“დიდ იმედებს ვამყარებ ამ შეხვედრაზე, მჯერა რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი. ეს წელი ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის დამყარების წლად გამოვაცხადეთ”, – აღნიშმა რჩეულიშვილმა.

ვახტანგ რჩეულიშვილი ძასოხოვს პირველად ხვდება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად დაინიშნა. იგი უკვე შეხვდა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს.

რჩეულიშვილი ასევე გეგმავს მოსკოვში გამგზავრებასაც უახლოეს დროში, სადაც ცხინვალის რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავს.

Exit mobile version