(თბილისი, 3 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ვლადიმირ ლოშინინთან შეხვედრისას სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზად არის ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის გალის რაიონში დევნილების დაბრუნების თაობაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 31 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლოშინინისა და გაგულიას მოლაპარაკებებზე კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებაც იმსჯელეს.
ქართული მხარე უარს აცხადებს რუსი მშვიდობისმყოფელებისთვის მანდატის გახანგრძლივებაზე, სანამ არ შეწყდება სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ასევე სანამ არ დაიწყევბა მოლაპარაკებები დევნილების დაბრუნების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლება ასევე მოითხოვს რუსული პასპორტების გაცემის შეწყვეტას აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.