ახალი ამბები

მეწყერის მძიმე შედეგები

ათეულობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

მთავრობა შეუდგა იმ ზარალის დათვლას, რომელიც ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაშს მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მიადგა.

წინასწარი დაანგარიშებით, ზარალი 7 მილიონი ლარია. მეწყერმა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის მთიან ნაწილში შეფენილ სოფელ ლასურიაშში დაანგრია სახლები, ხიდი, მწყობრიდან გამოიყვანა გზები, ელექტროგადამცები ხაზები. აგრეთვე, დაანგრია სოფლის სასაფლაო.

მეწყერმა გაანადგურა ვაზის უნიკალური და მხოლოდ აქაური მიკროკლიმატისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშების “ოჯალეშის”, “ცოლიკაურის”, “ალექსანდროულის” ვენახები, რომელთა აღდგენას 8-10 წელი სჭირდება.

მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, უსახლკაროდ დარჩა 60 ოჯახი. მთის ულამაზესი სოფელი ლასურიში დაცლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

დათო კანაჩაძის სახლი პირდაპირ უყურებს ნაკაშას მთას, საიდანაც მეწყერი ჩამოწვა. მისი, სახლი, რომელშიც ის ოჯახის კიდევ 4 წევრთან ერთად ცხოვრობდა, მთლიანად განადგურდა. მის სახლის ადგილას ახლა მხოლოდ ბეტონის კიბეები და პირველსართულამდე ამოყვანილი კედლის ნანგრევებიღა დარჩა.

ოჯახის უფროსი დათო ახალგაზრდა კაცია, მაგრამ მის თვალებში სასოწარკვეთას მაინც ამოიკითხავთ. მიუხედავად ამისა, ის ჟურნალისტებთან საკუთარ ტკივილზე საუბარს ერიდება. დათო და მისი ოჯახის წევრები ნათესავებმა შეიკედლეს. მთავრობას მისთვის მნიშვნელოვანი დახმარება ჯერ არ აღმოუჩენია.

დათო კანაჩაძე და სხვა დაზარალებულები პარლამენტის თავმჯდომარემ ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა. მთავრობა მათ დახმარებას დაჰპირდა. პირველ ეტაპზე თითო დაზარალებილი ოჯახი 3 ათას ლარს (1,4 ათასი დოლარი), აგრეთვე სურსათსა და წამლებს მიიღებს.

მთავრობის წარმომადგენლებმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ნუგზარ უფლისაშვილმა, ავტოსაგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ბორის სარალიძემ რაიონის ხელმძღვანელობა კომუნიკაციების სასწრაფო აღდგენით დააიმედეს.

“მართალია, ეს დაზარალებულთათვის ძალიან მცირე დახმარებაა, მაგრამ  ჩვენთვის მთავარია, ხალხმა ხელისუფლების მხარდაჭერა მალევე იგრძნოს. პარლამენტი მათ დასახმარებლად, აგრეთვე სალიკვიდაციო სამუშაობის ჩასატარებლად კომპლექსურ გეგმას ერთ კვირაში დაამუშავებს და მას მთავრობას შესასრულებლად გადასცემს.” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ.

რაიონში აღსადგენია სკოლა, საბავშვო ბაღი, მდინარის ჯებირები, რომლებიც წყალდიდობებმა მთლიანად გაანადგურეს.

მეწყერსაშიშ ზონაში საწრაფოდ არის გეოლოგიური სამუშაოები ჩასატარებელი. გეოლოგები ამისათვის 20 ათას ლარს ითხოვენ. თუმცა, პარლამენტის მიერ ქვეყნის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, ფინანსთა სამინისტრო ამ თანხის გამოყოფას ვერ ახერხებს.

“დაუმტკიცებელი ბიუჯეტის გამო, ფინანსთა სამინისტროს კანონით აკრძალული აქვს გეოლოგიური, ან ასეთი ტიპის სამუშაოების დააფინანსება. როგორც კი პარლამენტი 2003 წლიას ბიუჯეტს დაამტკიცებს, დაფინანსებას მალევე გამოვყოფთ. ამასთანავე, პარლამენტის ლასურიაშის მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოების კომპლექსური გეგმა ჩვენთვის პრიორიტეტული იქნება” _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ფინასთა მინისტრის მოადგილე ზურაბ სოსელიამ, რომელიც დაზარალებულ რაიონში პარლამენტის თავმჯდომარეს თან ახლდა.

სასაფლაოების დაზიანების გამო, სანეპიდსადგურმა გამოკვლევები ჩაატარა და დაადგინა, რომ უბედურების ზონაში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებოს.

ამ ფაქტმა, აგრეთვე მთავრობის უხვმა დაპირებებმა უსახლკაროდ დარჩენილ დათო კანაჩაძესა და სხვა დაზარალებულებს მდგომარეობის გამოსწორების იმედი გაუჩინა.

პარლამენტი მის მიერ შემუშავებული გეგმის გაკონტროლებას აპირებს. ერთი თვის შემდეგ გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოების აღმოფხვრაში დაკავებული უწყებებისგან ჩატარებული სამუშაოების შესახებ მონაცემებს მოისმინეს და გადაამოწმებს.L

გოგა ჩანადირი

მსგავსი/Related

Back to top button