“გაერთიანებული დემოკრატების” უშედეგო ინიციატივა

13 იანვარს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების შესახებ ქვეყანის ეკონომიკის სტაგნიაციას გამოიწვევს.

აღნიშნული საკითხი დეკებრიდან მოყოლებული პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარ თემად იქცა და როგორც ჩანს წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

მას შემდეგ რაც, “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივას ხელისუფლების კატეგორიულ წინააღმდეგობა წააწყდა, ოპოზიციურმა გაერთიანებამ თავისი წინადადების საზოგადოებაში აქტიური აგიტაცია დაიწყო.

“გაერთიანებული დემოკრატების” წინადადებით 2003 წლის მაისიდან ხელფასების საარსებო მინიმუმთან გათანაბრებისათვის და რეფორმის განხორცილეებისათვის საჭირო იქნება 116,1 მლნ ლარი. 2003 წლის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ზრდა 210 მლნ ლარით იგეგმება. გაერთიანებული დემოკრატების წინადადება მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული ზრდის 65%, ანუ 116 მილიონი ლარი, მიემართოს სწორედ მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების დაფინანსებაზე, რაც მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.

ამავე დროს, ზემოთ აღნიშნული ღონისძიება ხელფასების გაზრდილი ნაწილის ხარჯზე ითვალისწინებს სოციალური უზრუნველყოფის ფონდის 71 მილიონით, სამედიცინო დაზღვევის ფონდის – 10,2 მილიონით და დასაქმების ფონდის 2,6 მილიონი ლარით ზრდას.

“გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა დეკემბრიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, რომელიც დეკემბრის ბოლოს პარლამენტში 2003 წლის ბიუჯეტის ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

“გაერთიანებული დემოკრატები” ცდილობდნენ, რომ პარლამენტს მათი ინიციატივა ბიუჯეტის განხილვამდე მოესმინა, მაგრამ მაშინ სახელისუფლებო ფრაქციებმა საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატეს. შედეგად ქვეყანა 2003 წელს ბიუჯეტის გარეშე შეხვდა. ოპოზიციის მხრიდან ბიუჯეტის მხარდაჭერა სწორედ ხელფასების გაზრდისადმი მთავრობის პოზიციაზე იყო დამოკიდებული.

ჟვანიას გუნდი არც ამჯერად აპირებს გაუშვას შანსი და ბიუჯეტის ხელახალ განხილვამდე კვლავაც აქტიურდება. დემოკრატები პრინციპულად მოითხოვენ, რომ 2003 წლის ბიუჯეტში აისახოს მათი წინადადებები.

10 იანვარს “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა განიხილა, რომესაც პარლამენტის სპიკერატი, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და ექსპერტები.

“მე ვერ მივიღებ ისეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებას, რომელის ქვეყანას სტაგნაციის გზით წაიყვანს”, განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა მირიან გოგიაშვილმა. მისი თქმით, დემოკრატების დასაბუთება ჰაერიდან მოტანილ ციფრებს ემყარება. ქვეყნის მთავარი ფინანსისტის აზრით, ინიციატივის რეალობად ქცევა გამოიწვევს ინფლაციას, ექსპორტის შემცირებას, უმუშევრობის ზრდას, მსყიდველობითუნარიანობის შემცირებას და სხვა რეგრესულ პროცესებს.

13 იანვარს პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა და ფინანსთა მინისტრის არგუმენტები გაიმეორა, რომ ხელფასების “სწრაფი ზრდა ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება.”

მთავრობა აცხადებს, რომ ის თავის მხრივ ზრუნავს ხელფასების მომატებაზე. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 2002 წლის აპრილში პრეზიდენტმა დაამტკიცა სამწლიანი პროგრამა მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან ეტაპობრივად დაახლოების შესახებ.

ექვსსაათიანი დაძაბული  და საკმაოდ ხმაურიანი დისკუსიის შემდეგ კომიტეტის სხდომა უშედეგოდ დამთავრდა. ერთადერთი გადაწყვეტილება რაც იქნა მიღებული ეხება სამუშაო ჯგუფის შექმნას, მთავრობისა და პარლამენტის მონაწილეობით, რომელიც გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას.

“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” ჯერ კიდევ დეკემბერში, მას შემდეგ რაც ნათელი გახდა, რომ მთავრობა კომპრომისზე არ წავიდოდა, დაიწყეს საზოგადოების სხვადასხვა ფენებში თავიანთი წინადადების პრეზენტაციები. მათ რამოდენიმე შეხვედრა გამართეს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან. “გაერთიანებული დემოკრატების” ოპონენტების აზრით პარტია ამ ინიციატივას და ხელისუფლების უარს გაიზარდოს მინიმალური ხელფასი 115 ლარამდე კარგად გამოიყენებენ წინასაარჩევნო კამპანიისას.

ექსპერტი ეკონომიკური საკითხებში ნიკო ორველაშვილი მიიჩნევს, რომ ჯერ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ის მრავალმილიონინი ვალი, რომელიც აქვს საკუთარი მოსახლეობის წინაშე და უამრავი დაგროვილი საგარეო ვალი. “მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გასცეს ხელისუფლებამ დაპირებები ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით,” განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ნიკო ორველაშვილმა. მისი განცხადებით ქვეყანაში არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა განხორციელდეს, რაც შემდგომში ხელფასების მომატების წინაპირობაც იქნება.

იმ შემთხვევაშიც კი, მთავრობამ რომ გაიზიაროს “გაერთიანებული დემოკრატების” ინიციატივა, ნაკლებად სავარაუდოა შემდგომში ხელფასების ზრდა რეალურად განხორციელდეს.

ჯერ კიდევ 2002 წლის ბიუჯეტში იყო ჩადებული მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის მოტივით ხელფასების 50 ლარამდე გაზრდა, მაგრამ მთავრობამ კანონში ჩადებული დებულება არ შეასრულა, რადგან შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტისთვის არ წარუდგენია. ამას თან ბიუჯეტის გარღვევაც დაერთო.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Exit mobile version