ენერგოსისტემაში კრიზისის გამო არავინ ისჯება

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციის მამხილებელ ფაქტებს შეეხება, პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება. დასკვინის მიხედვით, გასული ათი წლის განმავლობაში ენერგეტიკაში 300 მილიონი დოლარი დაიკარგა.

ენერგეტიკის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკული სიტემის ეფექტურ მართვას, ხდება თანხების დატაცება და ფინანსების არამიზნობრივად გამოყენება, არსებული ენერგოსიმძლავრეები მოუვლელია, მიზერულ თანხებში იყიდება მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც კომისიის დასკვნაში უამრავი კონკრეტული მაგალითები უმაგრებს ზურგს.

კომისიის მასალებში საუბარია იმ დანაშაულებებზე რომელმაც ქვეყნის ენერგოსისტემა 300 მილიონ აშშ დოლარით აზარალა. კომისიის დასკვნის მიხედვით, ათი წლის მანძილზე 15 მილიონიც კი არ დახარჯულა ენერგოობიექტების რეაბილიტაციაზე, მაშინ როცა უცხოური კრედიტები  და გრანტები ამ მიმართულებით 400 მილიონამდე იყო გამოყოფილი.

“სამინისტროს პირდაპირი მონაწილეობით მოხდა 2,5 მილიონის დატაცება, რომელიც ენგურჰესის ფარის შეკეთებას უნდა მოხმარებოდა და შედეგად, 40 მილიონი მეგავატით მეტი ელექტროენერგია უნდა მიეღო ქვეყანას”, – აცხადებს ჩუბინიშვილი.

2001 წელს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავიტ მირცხულავამ სომხეთთან 4,5 მილიონიანი ვალის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა. პარლამენტის საგომოძიებო კომისიის მონაცემებით, სხვადასხვა კრიმინალური მაქინაციებით ვალი გაიზარდა 7 მილიონამდე. საბოლოო ჯამში, სომხეთს მხოლოდ 400 ათასი გადაუხადეს, დანარჩენი თანხა საშუამავლო კომპანიების მიერ გაურკვეველი მიმართულებით სხვადასხვა ჯიბეებში გადანაწილდა.

კომისიის დასკვნებს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანიაც ადასტურებს. 11 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ხაბურძანიამ განაცხადა, რომ ენერგეტიკაში არსებული კორუფციის გამო ქვეყანა ყოველწლიურად 20 მილიონი დოლარით ზარალდება.

დეკემბრის დასაწყისში სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტმა და მთავრობამ თითქმის ერთდროულად შეუტია. 4 დეკემბრის მთავრობის სხომაზე ენერგეტიკის სამინისტროს ლიკვიდაციის  და მინისტრის პასუხისმგებლობის  საკითხზეც კი საუბრობდნენ. პარალელურად საპარლამენტო ძალებიც ხმამაღლა იმუქრებოდნენ მირცხულავას მისამართით, მაგრამ საბოლოო ჯამში მირცხულავამ პოსტი შეინარჩუნა. უფრო მეტიც, არცერთი სახელმწიფო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ-ჯერობით არ დამდგარა.

პარლამენტში გატარებული 5-6 დეკემბერი ენერგეტიკის მინისტრისათვის მართლაც “ცხელი” ზამთრის დასაწყისი აღმოჩნდა, როცა საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი დროებითი საპარალამენტო კომისიის ერთი წლის მუშაობის ანგარიშს უსმენდა.

“კომისიის მიზანი იყო ჩატარებული გამოძიების საფუძველზე დაესვა ორი საკითხი – ერთი, დამდგარიყო ენერგეტიკის გაჩანაგების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და მეორე, დასჯილიყვნენ კონკრეტული კრიმინალები, რომელთაც დარგი ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს”, – აცხადებს ენერგეტიკის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩუბინიშვილი.

კომისიამ, მიღებული გადაწყვეტილებებით თუ ვიმსჯელებთ, მიზანს ვერ მიაღწია. პარლამენტმა ვერც კომისიის ძირითად დადგენილებასთან და ვერც ალტერნატიულ ვარიანტთან დაკავშირებით, სადაც მთავრობის წინაშე ენერგეტიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა, ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

“მე არ ვეკიდები ჩემს თანამდებობას, მაგრამ დღეს არ არის საუბარი ჩემს წასვლაზე. როცა წასვლას დავაპირებ პრეზიდენტს ვეტყვი ამის თაობაზე”, – აცხადებს მირცხულავა, რომელიც მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას პოლიტიკურ დაკვეთას უწოდებს. მირცხულავას განცხადებით, ყველა ის დანაშაული რომელზეც კომისიის დასკვნაში იყო საუბარი ძირითადად მისი წინამორბედი მინისტრების პერიოდში მოხდა.

პარლამენტში ატეხილი აჟიოტაჟი დასრულდა ერთადერთი შედეგით – კომისიის დასკვნაში მოყვანილ დოკუმენტურ ფაქტებს შეისწავლის გენერალური პროკურატურა და უშიშროების სამინისტრო. თუ გასული წლების “მდიდარ პრაქტიკას” გავიხსენებთ, არაერთი გახმაურებული საქმე შემოდებულა პროკურატურის თაროებზე და საბოლოო ჯამში, არქივის საკუთრება გამხდარა ისე, რომ ამ ფაქტებს არანაირი რეაგირება სამართალდამცველების მხრიდან არ მოყოლია.
 
ვერც მთავრობა აღმოჩნდა პრინციპული მირცხულავასთან მიმართებაში. სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ მირცხულავასადმი მუქარის ტონი ქების რიტორიკაში გადაზარდა და ამ ტრანსფორმაციას ზუსტად ერთი კვირა – მთავრობის ორ სხდომას შორის პერიოდი დასჭირდა.

“ენერგეტიკის მინისტრი მცოდნეა, მას შეუძლია დარგის გაძღოლა და შეცდომების გამოსწორება, წინამორბედებისაგან განსხვავებით”, – აცხადებს 11 დეკემბერს ავთანდილ ჯორბენაძე და მირცხულავას სამინისტროში საკადრო ცვლილებების გატარებას ავალებს.

“ახალი შეცდომები არ უნდა მიუმატოს”, – რეპლიკით ეხმაურება პრეზიდენტი შევარდნაძე მირცხულავას თემას. ჩანს, რომ პრეზიდენტი კარგად იცნობს მინისტრის ძველ შეცდომებს, რომელებსაც სავარაუდოა ზამთრის შემდეგ გაახსენებს.

მაშინ როდესაც “ენერგომაფია” წარმატებით განაგრძობს “საქმიანობას”, ქვეყნის მოსახლეობა კვლავაც ელექტროენერგიის, სითბოსა და ყოველგვარი იმედის გარეშე რჩება.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Exit mobile version