დააკავეს სადი შარიფოვის გატაცებაში ეჭვმიტანილები

(თბილისი, 16 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – შს მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ პოლიციამ დააკავა 3 პირი, რომლებიც რუსული ნავთობკომპანია “ლუკოილის” ვიცე-პრეზიდენტის ვაგიტ შარიფოვის მამის სადი შარიფოვის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც ნარჩემაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ყველა დაკავებულმა აღიარა გატაცებაში მონაწილეობა. სამივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. ნარჩემაშვილმა არ გამორიცხა, რომ გატაცებასთან სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ჰქონდეთ კავშირი.

სადი შარიფოვის გვამი 12 დეკემბერს იპოვეს. შარიფოვი 1 დეკემბერს გაიტაცეს დმანისის რაიონის სოფელ პანტიანიდან.

შს მინისტრის თქმით, გამტაცებლები არ აპირებდნენ თავიდან შარიფოვის გატაცებას. “თავდამსხმელები შარიფოვების ბინაში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ. თავიდან ისინი სადი შარიფოვის გატაცებას არ აპირებდნენ, მაგრამ გატაცების გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნა მიღებული, რომ თავისთვის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველეყოთ”, – აცნობა ჟურნალიტებს კობა ნარჩემაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელი სადი შარიფოვის გატაცების მიზანი შესაძლოა ქართველებსა და აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის ურთიერთობების გამწვავება ყოფილიყო.

ნარჩემნაშვილის თქმით, ქვემო ქართლში, სადაც ძირითადად აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს, მოქმედებს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რეგიონში სტაბილურობის დარღვევას ცდილობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version