საქართველო რუსეთს სამშვიდობო პროცესის დამუხრუჭებაში ადანაშაულებს

(თბილისი, 14 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ რუსეთი დამნაშავეა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში პროგრესის არარსებობაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ 13 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი პერმანენტულად ახდენს გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ყველა ინიციატივის ბლოკირებას, რომლებიც კონფლიქტის მოწესრიგებაზეა მიმართული.

მისი თქმით, გასული 6 თვის განმავლობაში მოსკოვმა შეაჩერა ყველა მცდელობა, რომ დაწყებულიყო “სოხუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებების განაწილების ძირითადი პრინციპების შესახებ” დოკუმენტის განხილვა.

13 დეკემბერს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ განაცხადა, რომ 9 დეკემბერს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხოლოდ რუსეთი და სირია გამოვიდნენ “ძირითადი პრინციპების” შესახებ დოკუმენტის წინააღმდეგ, როცა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარე გენომ უშიშროების საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლება მიესალემბა დოკუმენტს, რადგან ის აფხაზეთის სტატუსს ქართული სახელმწიფოს ფარგლებში ითვალისწინებს. დოკუმენტის დეტალები კვლავინდებურად უცნობია. აფხაზური მხარე უარს აცხადებს მოლაპარაკებების დაწყებასა და დოკუმენტის განხილვაზე, ამასთან სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version