ნარჩემაშვილი ადამიანის უფლებათა დამცველების კრიტიკის ქვეშ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა გამკაცრდეს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადამიანი უფლებათა დამცავი ორგანიზაციების კრიტიკას იწვევს. მათი მტკიცებით კოდექსის გამკაცრება პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს დააკანონებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილმა 21 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას წამოაყენა ინიციატივა პენიტენციალურ სისტემაში სამართალდამცველთა ოპერატიული საქმიანობისა და პიროვნების დაკავების 12 საათიანი ვადის გახანგრძლივების თაობაზე. მისით თქმით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ამ ცვლილებების განხორციელება სამართალდამცველებს კრიმინალთან ბრძოლას გაუადვილებს.    

მას შემდეგ რაც პირს პოლიცია დააკავებს, 12 საათის მანძილზე ის პოლიციაში წარდგენილად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია დაკავებულის სტატუსი, შესაბამისად, რეგისტრაციაშიც არ ტარდება და ადვოკატის ყოლის უფლებაც არ გააჩნია. არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის ნანა კაკაბაძის თქმით, სწორედ ამ დროს ხდება ადამიანის უფლებათა ყველაზე მეტი დარღვევის ფაქტი და ხშირია დაკავებულთათვის ფულის ამოძალვის შემთხვევები.

“ის რასაც კობა ნარჩემაშვილი ითხოვს, არის წამების დაკანონება” – განაცხადა “ჰუმან რაითს ვოჩის” ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ ანდერსენმა. “ევროპის საბჭოც და
გაეროც საქართველოს პატიმრების უფლებების დაცვის გარანტიების გამყარებას სთხოვენ, ნარჩემაშვილის ინიციატივა კი სრულიად საპირისპიროა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს პაატა გომელაურს ეს განცხადება გადაჭარბებულად მიაჩნია. “მე გაკვირვებული ვარ იმ ტერმინებით, რაც “ჰუმან რაითს ვოჩმა” გამოიყენა. არც მინდა ვილაპარაკო წამებაზე. კობა ნარჩემაშვილი რომ არ არის წამების მომხრე, ეს მთელმა საზოგადოებამ იცის”.

მაშინ როდესაც კობა ნარჩემაშვილი 12-საათიანი ვადის გაზრდაზე საუბრობს, ადამიანი უფლებათა დამცველები, მათ შორის “ჰუმან რაითს ვოჩი” ამ ვადის საერთოდ გაუქმებას მოითხოვს.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და სახალხო დამცველის ოფისის ინიციატივით შესულია საქართველოს მოქალაქეების სარჩელი, რომელციც პიროვნების 12 საათიანი დაკავების ვადის საერთოდ გაუქმებას ითხოვს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა გიორგი ჩხეიძემ “სივილ ჯორჯიას” გაუნცხადა, მთავარია პიროვნებას დაკავებისთანავე მიეცეს სტატუსი, რათა ის “ჰაერში გამოკიდებული” არ დარჩეს და დაცვის საშუალება დაკავების პირველივე წუთებიდან მიეცეს.

მეორე საკითხი, რომელმაც ადამიანის უფლებათა დამცველების აღშფოთება გამოიწვია, პენიტენციალურ სისტემაში პოლიციის ოპერატიული საქმიანობის დაკანონებაა.

ოპერატიული მუშაობა პენიტენციალურ სისტემაში მოსმენას, აგენტურულ სისტემის დანერგვას და სხვა ღონისძიებების გატარებას გულისხმობს. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, ციხეებში ოპერატიული საქმიანობა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა.

პაატა გომელაურის თქმით, პენიტენციალურ სისტემაში, რომელიც ამჟამად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არის, ოპერატიული მუშაობის გატარება ხელს შეუწყობს დანაშაულის გახსნას.

“მუშაობამ დაგვანახა, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც შსს-ს შესაძლებლობას მისცემს გარღვევა მოახდინოს დღევანდელ კრიმინოგენულ ვითარებაში”,
ამბობს გომელაური.

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენელს ნანა კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ოპერატიული საქმიანობის უფლება პოლიციას არა თუ პენიტენციალურ სისტემაში, არამედ საერთოდ არ უნდა ჰქონდეს.

“როდესაც 1999 წელს პოლიციის შესახებ კანონში შესწორება შევიდა და პოლიციას ოპერატიული საქმიანობის უფლება მიეცა, ეს იყო დარღვევა იმ შეთანხმებისა, რომელიც ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის დაიდო”, ამბობს ნანა კაკაბაძე.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

Exit mobile version