ამერიკელი გენერალი კმაყოფილია “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მსვლელობით

(თბილისი, 25 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – თბილისში სამდღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი რიჩარ მაიერსი 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მოლაპარაკებებზე ძირითადად “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მსვლელობის საკითხებზე იმსჯელეს.

“ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კავშირები გამყარდა ბოლო წლების განმავლობაში, და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს დახმარებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – განაცხადა გენერალმა მაიერსმა პრეზიდენტ შევარდნაძესა და თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან შეხვედრის შემდეგ.

24 ნოემბერს ამერიკელმა სტუმარმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა “ძალიან კარგად” მიმდინარეობს და გაგრძელდება შემდგომი 18 თვის განმავლობაში.

“ეს პროგრამა კვლავ გაგრძელდება და დასრულდება სადღაც 2004 წლის შუა თვეებში”, – აღნიშნა მაიერსმა.

ამერიკელმა გენერალმა უარი განაცხადა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხის კომენტირებაზე და აღნიშნა მხოლოდ, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. როგორც ცნობილია, 22 ნოემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ პრაღაში ნატო-ს სამიტზე გამოსვლისას ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სურს.

25 ნოემბერს გენერალი მაიერსი კრწანისის სასწავლო ცენტრს ეწვევა, სადაც “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ინსტრუქტორები ქართველ მეომრებს წვრთნიან. დღესვე დასრულდება რიჩარდ მაიერსის ვიზიტი საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version