(თბილისი, 22 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები ძირითადად კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ, პარლამენტარმა ჯუმბერ პატიაშვილმა განაცხადა, რომ ხელში ჩაუვარდა 2001 წლის დეკემბერში შემუშავებული უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის სამოქმედო გეგმის ასლი, რომელშიც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით ლაპარაკია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პარტიაში სპეციალური აგენტურული ქსელის შექმნის შესახებ.
პატიაშვილის თქმით, დოკუმენტში, რომელიც დედანი არ არის და ხელმოწერაც არ გააჩნია, ლაპარაკია ასევე ზომების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის, ეკლესიისა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, არსებობს დოკუმენტის დედანი, რომელიც უშიშროების სამინისტროში უნდა ინახებოდეს.
როგორც ამავე სხდომაზე ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, მას აცნობეს, რომ ამჟამად უშიშროების სამინისტროში აქტიური მუშაობა მიდის სხვა 24 გვერდიანი დოკუმენტის შექმნაზე, რათა დაფარული იქნას ის ნიუანსები, რომლებიც პატიაშვილის განცხადებაში იყო მითითებული.
ამ განცხადებებმა დეპუტატებში გარკვეული დაბნეულობა გამოიწვია და მათმა ნაწილმა დოკუმენტის გამრავლებისა და დეპუტატებისთვის დარიგების სურვილი გამოთქვა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ჯერ თვითონ შეისწავლის ამ დოკუმენტს და თუ მასში სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებზე არ არის საუბარი, დოკუმენტს ამის შემდეგ დაარიგებენ.
პატიაშვილმა აღნიშნა, რომ მან ამ დოკუმენტის მხოლოდ იმ ნაწილზე ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებთან ურთირთობებს შეეხებოდა. ამასთან მან წინადადება წამოაყენა, რომ ეს დოკუმენტი შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიას გადაეცეს, ან შეიქმნას სხვა საგანგებო კომისია.
ანალოგიური აჟიოტაჟი გამოიწვია სექტემბრის შუა რიცხვებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულის დოკუმენტის ერთ-ერთმა მუხლმა, რომლითაც სამართალდამცავ ორგანოებს იმ დეპუტატების ქმედებების შესწავლა ევალებოდათ, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და კრიმინალში.
პრეზიდენტის მხარდამჭერმა ფრაქციებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ დღევანდელი განცხადებები პროვოკაციაა, რომელიც საეჭვოდ ემთხვევა იმ დროს, როცა პრაღაში ნატოს სამიტი მიმდინარეობს და პრეზიდენტი შევარდნაძე დღეს ოფიციალური განაცხადის გაკეთებას აპირებს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თხოვნით.