რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკებები სოხუმის მთავრობასთან

(თბილისი, 13 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების საქმეებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშინინი სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრს ანრი ჯერგენიას შეხვდა. ამის შესახებ 13 ნოემბერს ცნობა გამოქვეყნდა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე.

ნოემბრის მეორე ნახევარში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის შესახებ დაგეგმილ გაეროს გენერალურ მდივნის მორიგი მოხსენების განხილვასთან დაკავშირებით ანრი ჯერგენიამ რუსეთს მხარდაჭერა თხოვა განხილვაზე აფხაზური მხარის დასასწრებად.

ვალერი ლოშინინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მხარს უჭერს სოხუმის ამ მიმართვას და რწმენა გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე დაგეგმილ განხილვაში აფხაზური მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობა სასარგებლო იქნება.

ამჟამად მოსკოვში ვიზიტით იმყოფება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში ჟან-მარე გენო, რომელიც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე.

Exit mobile version