შოუს განთავისუფლება ხელისუფლების პოზიციებს ამყარებს

  

ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლებამ მის ხელთ არსებული ჯოკერი გაათამაშა და მრავალი უსიამოვნება თავიდან აიცილა.

6 ნოემბერს გვიან საღამოს ქართველმა სამართალდამცველებმა ზარზეიმით ამცნეს მთელს ქვეყანას 141 დღიანი ტყვეობიდან ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გათავისუფლება, რომელიც საზოგადოებისათვის ჯერჯერობით უცნობ გამტაცებლებს სავარაუდოდ პანკისის ხეობაში ჰყავდათ დაკავებული.

18 ივნისს ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ, რომელიც საქართველოს აგრობიზნესბანკის თანადირექტორი იყო, საკუთარი სახლის  წინ პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შვიდმა პირებმა გაიტაცეს. პირველივე ვერსია, რომელიც სამართალდამცველებმა დაასახელეს, ბურუსით მოცული პანკისის ხეობა იყო, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა.

ბრიტანელი ბანკირის გატაცებას საერთაშორისო თანამეგობრობის ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ევროკავშირი საქართველოს ფინანსური სანქციებით დაემუქრა. მიმდინარე საფინანსო წელს ევროკავშირს საქართველოსათვის გრანტის სახით 44 მილიონი ევრო უნდა გადაეცა, რასაც სახელმწიფოს საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.

საფინანსო სანქციების გარდა, პიტერ შოუს გატაცებამ საქრთველოს საერთაშორისო იმიჯი ძალიან შელახა. ბრიტანულ პრესაში საქართველოს ბანდიტების ქვეყნადაც მოიხსენიებდნენ. შექმნილი ფონი კი რუსეთის ბრალდებებს პანკისის ხეობაში საერთასორისო ტერორისტების არსებობის შესახებ მეტ დამაჯერლობას სძენდა.

პანკისში საერთასორისო ზეწოლის შედეგად 25 აგვისტოს დაწყებული ანტიკრიმინალური ოპერაციის ერთ-ერთ საჯაროდ გაცხადებულ მიზანს ხეობაში გატაცებული პიროვნებების, მათ შორის, პიტერ შოუს, გათავისუფლება წარმოადგენდა. თუმცა, ანტიკრიმინალური ოპერაციის გარკვეული წარმატების მიუხედავად, პიტერ შოუს გათავისუფლება გუშინდელ დღემდე ვერ მოხერხდა.

ბრიტანელი ბანკირის გათავისუფლება ისევე მოულოდნელი იყო, როგორც მისი გაუჩინარება. 6 ნოემბერს საღამოს სამართალდამცველებმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ამცნეს, რომ პიტერ შოუ გაათავისუფლეს და იგი თბილისში მოჰყავთ. ფაქტობრივად, ძალოვანი სამინისტროს არცერთი წარმომადგენელი ოპერაციის დეტალებზე არ საუბრობს.

ცნობილია, რომ სპეცოპერაციის მსვლელობისას ერთი გამტაცებელი, ყოფილი პოლიციელი მეგუდიშვილი არის მოკლული. დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს. თავად პიტერ შოუს თქმით კი, იგი გამტაცებლებმა ორმოდან ამოიყვანეს და თვალებახვეული სადღაც წაიყვანეს. უეცრად სროლა ატყდა, შოუ გაიქცა და ბუჩქებში დაიმალა, ხოლო შემდეგ სამართალდაცველებმა მას მიაგნეს და თბილისში ჩამოიყვანეს.       

სამართალდამცველების ეიფორიასა და ოპერაციის დეტალების შესახებ ორჭოფულ პასუხებს  ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მძაფრი კრიტიკით გამოეხმაურნენ და სპეცოპერაციას დადგმული სპექტაკლი უწოდეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პიტერ შოუმ გამოსასყიდი გადაიხადა, ან შემთხვევით გამტაცებლებს გაექცა, რაც სამართალდამცველებმა საკუთარ წარმატებად გაასაღეს.

ზოგიერთები კიდევ უფრო შორს მიდიან და ამტკიცებენ, რომ სამართთალდამცვეელები ბრიტანელი ბანკირის გატაცებაში თავიდანვე გარეულები იყვნენ და საჭირო დროს გამოუშვეს. მათ მაგალითად ადრე გატაცებული არაბი ბიზნესმენი მოჰყავთ, რომელიც უგზოუკვლოდ დაიკარგა. რამდენიმე თვის შემდეგ იგი პოლიციამ იდუმალებით მოცულ ვითარებაში გაათავისუფლა, ხოლო გამტაცებლებმა მაშინაც მიმალვა მოახერხეს.

ეჭვებს აძლიერებს მოკლულის მეუღლის ნაამბობი, რომელმაც ტელეკომპანია რუსთავი 2 განუცხადა, რომ მის ქმარს (მეგუდიშვილი) უშიშროების სამინისტროს ჩინოვნიკმა რამდენჯერმე შესთავაზე დაემალა გატაცებული შოუ, რაზეც მეგუდიშვილმა უარი განუცხადა. მეგუდიშვილის მეუღლე იხსენებს, რომ 6 ნოემბერს (პიტერ შოუს განთავისუფლების დღე), მის ქმარს დაურეკა უშიშროების თანამშრომელმა და შეხვედრა დაუთქვა. იმ დღეს მეგუდიშვილი მოკლეს, სამართალდამცველების მტკიცებით სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც შოუს განთავისუფლებას ისახავდა მიზნად.

ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების მიუხედავად, ერთი რამ ცხადია, რომ პრეზიდენტ შევარდნაძესა და მის ხელისუფლებას პიტერ შოუს გათავისუფლებამ სულზე მიუსწრო. ფაქტობრივად, მათ ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაიჭირეს.

წინა კვირას დეპუტატებმა ბიუჯეტის შეუსრულებლობის საკითხი მწვავედ დასვეს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტის ფავორიტი სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე კი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რადგან 9 თვის წინ პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ჯორბენაძემ ბიუჯეტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე აიღო.

ოპოზიციონერი დეპუტატებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების გათვლებით დეფიციტი უკვე 80 მილიონ ლარს აჭარბებს, ანუ 40 მილიონ ევროს, დაახლოებით იმ თანხას, რომელსაც ევროკავშირი, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე წელს მადლიერების ნიშნად გადმოურიცხავს. ევროკავშირის ფინანსური ინექცია კი ჯორბენაძესა და ეკონომიკურ ბლოკს პარლამენტთან ურთიერთობისას დამატებით კოზირებს მისცემს.

ბრიტანელი ბანკირის გათავისუფლებით, ძალოვანი მინისტრების პოზიციებიც გამყარდა. კორუფციასა და უმოქმედობაში დადანაშაულებულ ძალოვნებს თავის გამოჩენისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის რეალური შედეგების ჩვენების საშუალება მიეცათ.

და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც, შესაძლოა, პიტერ შოუს გათავისუფლებაში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არის მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება. სწორედ 6 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერაყის შესახებ ახალი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა. ამ პროექტის გასასვლელად რუსეთის პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. პუტინის ხელისუფლება კი კვლავ დაჟინებით ცდილობს ბუშის ადმინისტრაციასთან საქართველო ერაყის სანაცვლოდ გარიგების მიღწევას.

პიტერ შოუს სწორედ 6 ნოემბერს გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაანახა რუსეთსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც, რომ იგი რეალურ ანტიკრიმინალურ და ანტიტერორისტულ ოპერაციებს ახორციელებს. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებისა და, მით უმეტეს, მის გასაცვლელ პაიკად განხილვის საფუძველი.

პიტერ შოუს სკანდალური გათავისუფლება კრიზისების მართვის შევარდნაძისეული სტილის კიდევ ერთი გამოხატულება არის: მისი ხელისუფლებისათვის ყოველ კრიტიკულ მომენტში იგი ყველაზე საჭირო კარტს პოულობს და თამაშს დროებით იგებს.

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

Exit mobile version