ბრიტანეთის მოქალაქე მძევლობიდან გაათავისუფლეს

შეტაკებისას გამტაცებელი დაიღუპა

141 დღიანი ტყვეობის შემდეგ ბრიტანეთის მოქალაქე პიტერ შოუ ქართველმა სამართალდამცავებმა 6 ნოემბერს გაატავისუფლეს, სავარაუდოდ, ახმეტის რაიონში პანკისის ხეობასთან განთავსებულ პოლიციის საკონტროლო პუნქტთან, იმ დროს, როდესაც გამტაცებლებს იგი სხვა ადგილზე გადაყავდათ. პოლიციასა და გამტაცებლებს შორის შეტაკებისას ერთი დამნაშავე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა, რამდენიმემ კი გაქცევა შეძლო.

მიუხედავად 5-თვიანი პატიმრობისა, შოუ საკმაოდ კარგად გრძნობს თავს. ბრიტანელი ბანკირი ამჟამად თბილისში იმყოფება. 7 ნოებმერს დილით ის სამშობლოში გაეგმგზავრა.

“მთელი ეს დრო ორმოში ვყავდი [გამტაცებლებს]. შემბოჭეს და მიმაჯაჭვეს, ამიტომ არც გადაადგილება შემეძლო და არც უბრალოდ განძრევა” – განაცხადა პიტერ შოუმ პირველი არხისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ინტევიუში შოუმ ასევე თქვა, რომ ის ახლა თავს უკეთესად გრძნობს ვიდრე რამდენიმე საათის წინ. მისი თქმით, გამტაცებლები მას “დაუნდობლად” ეპყრობოდნენ.

ბრიტანეთში გამგზავრების წინ შოუმ ჟურნალისტებს უამბო, რომ ოთხმა კრიმინალმა ის ორმოდან ამოიყვანა და წაიყვანა მთიანი ბილიკით სადღაც. უეცრად ვიღაცამ ცეცხლი გახსნა. ერთი გამტაცებელი დაეცა. შოუ გაიქცა და ბუჩქებში დაიმალა. “ძალიან შეშინებული ვიყავი” – თქვა მან. დაახლოებით ნახევარ საათში შემთხვევის ადგილიდან წავიდა და ქართველ სამართალდამცავებს მიაგნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოკლული კრიმინალი ყოფილი პოლიციელია. შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა არ გამორიცხა, რომ სხვა გამტაცებლებიც ასევე შეიძლება სამრთალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები იყვნენ.

“აგრობიზნესბანკის” თანადირექტორი და კონსულტანტი ევროკავშირის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 57 წლის პიტერ შოუ შვიდმა შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა ა.წ. 18 ივნისს თბილისის ცენტრიდან. საქართველოში შოუს ექვსწლიანი მოღვაწეობა დასასრულს უახლოვდებოდა.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ გატაცების საქმეში სამი ჯგუფი მონაწილეობდა. “პირველი ჯგუფი გატაცების დამკვეთია. მეორე ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა შოუს გატაცება. მესამე ჯგუფს შოუ ტყვეობაში ჰყავდა” – თქვა ხაბურძანიამ.

უშიშროების მინისტრის ცნობით, ამ მომენტისათვის სამართალდამცავები მუშაობენ გატაცების დამკვეთი ჯგუფის წევრების ვინაობის დასადგენად.

საქართველოს საერთაშორისო იმიჯი გატაცების ამ შემთხვევამ საკმაოდ დააზიანა. ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე სულ უფრო იზრდებოდა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა პიტერ შოუს შესახებ ინფორმაციის გარეშე. მთელი ამ ხნის მანძილზე ქართველი სამართალდაცავები მხოლოდ იმას იტყობინებოდნენ, რომ პიტერ შოუ ცოცხალია.

ბრიტანეთის მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა გააფრთხილა ქართული მხარე, რომ შეწყვეტდა ფინანსურ დახმარებას, თუ არ გაუმჯობესდებოდა საქართველოში უცხოელების დაცვა, მით უმეტეს, რომ თბილისში უცხოელებზე თავდასხმის ფაქტები საკმაოდ გახშირდა. პიტერ შოუ თბილისში ევროკავშირის დელეგაციის წევრის, გერმანელი გიუნტერ ბოიხელის მკვლელობიდან 6 თვის შემდეგ გაიტაცეს.

საქართველოს პრეზიდენტი კატეგორიულად მოითხოვდა სამართალდამცავების მიერ აღნიშნული საქმის გამოძიებას. შოუს გატაცება უმთავრესი საკითხი იყო საქართველოს პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის ელჩის დებორა ბარნს ჯონსის შეხვედრაზე გასულ თვეს.

6 ნოემბრის წარმატებულ ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ბრიტანეთის მოქალაქე მძევლობიდან გაათავისუფლეს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ მადლობა გამოუცხადა შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინოსტროებს.

დიდი ბრიტანეთის გაერთაინებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო მიესალმა შოუს გათავისუფლების ფაქტს და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს.

“გულწრფელად მოხარული ვარ შოუს გათავისუფლების გამო” – განაცხადა სტრომ ოთხშაბათს.

“ჩვენი საელჩო თბილისში გააკეთებს ყველაფერს რათა უზრუნველყოს ბ-ნი შოუს დაბრუნება თავის ოჯახში რაც შეიძლება მალე. მე უაღრესად მადლიერი ვარ ყველასი, ვინც იზრუნა ბ-ნი შოუს გათავისუფლებაზე” – განაცხადა ჯეკ სტრომ.

პიტერ შოუმ ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იგი გაათავისუფლა. ხოლო ჟურნალისტის კითხვა, დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში, შოუმ უპასუხა რომ, საქართველოში მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვა.

გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version