შევარდნაძე ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით სხვა მონაცემებს ასახელებს

(თბილისი, 4 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩემი ანგარიშით, ბიუჯეტის დეფიციტი 40-45 მილიონ ლარის ფარგლებშია, და არც 80 მილიონი და არც 118 მილიონი, როგორც სახელდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტართა მხრიდან მთავრობის მიმართ ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო გამოთქმული შენიშვნების კომენტირებისას.

შევარდნაძის თქმით, 2002 წლის ბიუჯეტის ჩაგდება წლის პირველი ნახევრის შედეგებმა გამოიწვია. “მაისიდან ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით სრულდება, მაშინაც კი, როცა აჭარას ჯერაც არ გადმოურიცხია ბიუჯეტისთვის განკუთვნილი თანხები”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გასულ კვირას ოპოზიციურმა ფრაქციებმა მოითხოვეს, რომ პრეზიდენტმა გაათავისუფლოს ეკონომიკური პროფილის ყველა მინისტრი და მათთან ერთად სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე, რომელმაც ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე აიღო.

ოპოზიციური ფრაქციების პროგნოზით, წლის მიწურულისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 177 მილიონს მიაღწევს.

Exit mobile version