(თბილისი, 21 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “აჭარამ, როგორც საქართველოს ნაწილმა, უნდა გადაიხადოს გადასახადი ისევე, როგორც იხდის იმერეთი ან ნებისმიერი სხვა რეგიონი”, განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ავტონომიური რესპუბლიკის დავალიანება 2002 წელს 22 მილიონ ლარს შეადგენს.
“ეს დავალიანება ავტონომიურმა რესპუბლიკამ და მისმა ლიდერმა უნდა დაფარონ”, განაცხადა შევარდნაძემ.
უკანასკენლი ერთი კვირის მანძილზე ეს პრეზიდენტის მეორე მკაცრი განცხადება იყო ასლან აბაშიძის მიმართ. 16 ოქტომბერს შევარდნაძემ აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა “იგნორირებას უწევს საქართველოს ინტერესებს”, როცა ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადარიცხვაზე უარს აცხადებს.
“არავინ არ მისცემს აჭარას უფლებას საქართველოსგან დამოუკიდებლად იცხოვროს”, განაცხადა 16 ოქტომბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ.