(თბილისი, 11 ოქტომბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – “ჩეჩნების ექსტრადირება საერთაშორისო სამართლისა და საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული ორმხრივი შეთანხმების თანახმად უნდა მოხდეს”, განაცხადა დღეს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
პრეზიდენტის თქმით, დაკავებული 13 ჩეჩენიდან 5-ის ექსტრადირება კანონის თანახმად მოხდა. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველს, მიაჩნიათ, რომ ექსტრადირება კანონის დარღვევით მოხდა.
საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები ირწმუნებიან, რომ 4 ოქტომბერს რუსული მხარისთვის გადაცემის შემდეგ ექსტრადირებულთაგან ერთ-ერთი დაიღუპა. ამ ცნობას რუსული მხარე უარყოფს.