(თბილისი, 19 სექტემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყებათა შორის ერთობლივი საშტაბო-სასწავლო წვრთნები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ჩატარდება. ამის შესახებ გუშინ, 18 სექტემბერს ვლადიკავკაზში საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობის გეგმა უნდა შემუშავდეს, რომლის საფუძველზეც მხარეები ინფორმაციას გაცვლიან.
შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ამ სახის შეხვედრა ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ქართულ მხარეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი კორნელი სალია ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსეთის მხარეს – ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონალური სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი ვალერი პუტოვი.