დღევანდელ დაბომბვას საპროტესტო აქცია მოჰყვა

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 23 აგვისტო, 2002) – 23 აგვისტოს დღის 15 საათისთვის თბილისში რუსეთის საელჩოსთან საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაიწყეს თავმოყრა საპროტესტო აქციაზე საქართველოს ტერიტორიის დამომბვასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებს უბრალო მოქალაქეებიც უერთდებიან. “რუსთავი-2”-ის ცნობით, აქციის მონაწილენი რუსეთის ელჩის მათთან გამოსვლას ითხოვენ, რათა პირადად განუცხადონ თავიანთი პროტესტი დღეს გამთენიისას რუსეთ-საქართველოს საზღვართან საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის გამო.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ლოზუნგები “შეწყდეს საქართველოს დაბომბვა” და “ხელები შორს საქართველოსგან”.

წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვაში 4 რუსული ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, რის შედეგადაც ასევე წინასწარი ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალი და ერთი მოზარდი. დაშავდა 7 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ანალოგიური აქცია იმართება ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების შტაბთანაც, სადაც აქცის მონაწილეები იგივე მოთხოვნებს შტაბის ხელმძღვანელობას უყენებს.

Exit mobile version