ჩეჩენი ლტოლვილები დადებითად აფასებენ პანკისში ჯარების შეყვანას

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 22 აგვისტო, 2002) – “ჩეჩენი ლტოლვილების დამოკიდებულება პანკისის ხეობაში საქართველოს შინაგანი ჯარების შეყვანასთან და ახმეტის რაიონში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით დადებითია”, – განაცხადა საქართველოში ჩეჩენთა დიასპორის წარმომადგენელმა ხიზრი ალდამოვმა.

მისი თქმით, ლტოლვილები დაიღალნენ ხეობაში შეიარაღებული ადამიანების თარეშით, დაბომბვებით და რუსეთის მხრიდან მუდმივი ბრალდებებით, რომ აქ ტერორისტები და ჩეჩენი მეომრები იმყოფებიან.

ალდამოვმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ხეობა თითქმის დაცარიელდა შეიარაღებული კრიმინალებისგან, ხოლო ჩეჩენი მეომრები იქ არასდროს იმყოფებოდნენ.

ამავე დროს, მან დასძინა, რომ პანკისში ჯარების შეყვანა რუსული მოდელით არ უნდა განხორციელდეს, როგორც ეს ჩეჩნეთსი მოხდა, არამედ სამხედროების შესვლა წესრიგის აღდგენას უნა ემსახურებოდეს.

დღეს თავდაცვის სამინისტროს ძალების ანტიტერორისტული წვრთნების ორგანიზატორები პანკისის ხეობის სოფლების გამგებლებს შეხვდნენ. ამ შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ უყწების ძალები თვით ხეობაში შესვლას არ აპირებენ.

Exit mobile version