თბილისის მიერ პანკისში ოპერაციის ჩატარება რუსეთს არარეალურად მიაჩნია

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 21 აგვისტო, 2002) – მოსკოვში ეჭვი შეაქვთ საქართველოს ხელისუფლების განზრახვის გულწრფელობაში პანკისის ხეობაში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

“ჯერ კიდევ სულ ახლახანს თბილისში აღიარებდნენ პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლებისა და საერთაშორისო ტერორისტების არსებობას. საქართველოს ხელისუფლების ახალ გეგმებში კი ისინი საერთოდ არაა ნახსენები. ამ გეგმებში ლაპარაკია ბრძოლაზე “ადგილობრივ და ჩასულ კრიმინალებთან საერთაშორისო ნორმების მიხედვით”, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ბორის მალახოვმა.

“გამორიცხული არ არის, რომ ეს ფართოდ რეკლამირებული ოპერაცია მხოლოდ აქტიურობის იმიტაციით დასრულდეს, ხოლო “ბოევიკები” კვლავინდებურად გააგრძელებენ აგრესიულ ქმედებებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ”, – აღნიშნა მალახომა და დაამატა, რომ რა თქმა უნდა, საქართველოს საშინაო საქმეა, რა ძალებსა და საშუალებებს გამოიყენებს თავის ტერიტორიაზე ტერორიზმის კერის აღმოსაფხვრელად.

19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში შევლენ შინაგანი ჯარები, რომლებიც გახდებიან გარანტი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ პანკისის ხეობაში აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა, ხოლო შინაგანი ჯარები შეებრძოლებიან იმას, ვინც წინააღდეგობას გაუწევს მათ. პანკისში ამ ოპერაციის დაწყების თარიღი ჯერ განსაზღვრული არ არის.

Exit mobile version